LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამოუკიდებელი საქართველო აღდგა” – რას წერდნენ, უყურებდნენ და უსმენდნენ 100 წლის წინ 26 მაისს

კვირა, 26 მაისი, 1918 წელი, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა გადაწყდა, – 100 წლის წინ, დილით მემაწვნის, მეეზოვის და ფოსტალიონის შეძახილებით გაღვიძებულ ქალაქს გაზეთმა “საქართველომ“ დამოუკიდებლობა აუწყა. 

 „დამოუკიდებელი საქართველო აღდგა, გაუმარჯოს საქართველოს” – გაზეთის პირველ გვერდზე მსხვილი შრიფტით დაწერილი ეს სიტყვები ემოციას 100 წლის შემდეგაც არ კარგავს.

ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული 100 წლის წინანდელი გაზეთები დროის მანქანას გავს, კითხულობ და საუკუნით უკან, საქართველოს დამოუკიდებლობის სათავესთან ხვდები.

„საქართველოს ყოველი ნაწილი, ქართველი ერის ყოველი საზოგადოებრივი წრე, ჯგუფი ქედს იხრის საქართველოს აღდგენილი თავისუფლების წინაშე. ჩვენი ქვეყანა ახალს და უაღრესს პოლიტიკური მნიშვნელობის ფაქტის მოლოდინშია… დადგა ის დრო, როდესაც ჩვენი ერის ახლანდელმა ხელმძღვანელმა წრეებმა უნდა საბოლოოდ სთქვან თავისი სიტყვა და გადადგან კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც დაუმკვიდრებს ჩვენს ხალხს თავისუფალი ცხოვრების განმტკიცების იმედს,“ – წერს გაზეთი „საქართველო“.

 

 

100 წლის რუბრიკები: უცხოეთი, კულტურა, საზოგადოება

 

გარდ იმისა, რომ ქვეყანა ამ დღეს უდიდეს პოლიტიკურ განაცხადს აკეთებდა მსოფლიო რუკაზე დამოუკიდებელ ქვეყნად დასამკვიდრებლად, გაზეთის სხვა მასალებიდან კარგად ჩანს, რომ ქვეყანა ისედაც აქტიურად იყო ჩართული მსოფლიო პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, თბილისი ყოველდღიური აქტიური რიტმით ცხოვრობს.

„მოსკოვში მყოფ იაპონიის ელჩმა პროტესტი განაცხადა, რადგან იაპონიის ელჩებს თავის მთავრობასთან მიწერ-მოწერისას შიფრიან დეპეშით სარგებლობა აეკრძალათ,“ – წერს გაზეთი რუსეთ-იაპონიის დიპლომატიურ სკანდალზე.

უცხოეთის „ნიუსებში“ პალესტინის დამოუკიდებელი სამეფოს შექმნის, „წითელი არმიის“ გადაადგილების და უკრაინა-გერმანიის შესახებაც წერენ. იქვე გაზეთი იტყობინება, რომ  თბილისში ახალი მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა, ბერლინში სახელგანთქმული თვალის ექიმი დონხინი კი, პაციენტების მიღებას განაგრძობს.

 

ის რომ, საუკუნის წინანდელი თბილისი კულტურული ცხოვრებით ევროპულ ქალაქებს არ ჩამორჩება, გაზეთში გამოქვეყნებული აფიშების რაოდენობითაც დასტურდება.

26 მაისს, დღის პირველ საათზე ქართულ კლუბში წარმოდგენა “და- ძმა“ გაიმართა. გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავლის 30 პროცენტი საქართველოს “ეროვნულ დემოკრატიული” პარტიისთვის გადასცეს, მეორე დღეს კი, თბილისელები „არტისტულ თეატრში“ მხიარული ოპერეტკა არშინ-მალ-ალანს დაესწრნენ.

 

100 წლის რეკლამა

 

100 წლის წინ,  26 მაისს თბილისი ზაფხულის სეზონისთვის ემზადებოდა, სარეკლამო განცხადება ზაფხულის ცხელი დღეების წაღვერში გატარებას სთავაზობს მკითხველს: ელისაბედ მდებროვის აგარაკზე ოთახების გაქირავება მიმდინარეობს, ოთახები სუფთა წყლით და პიანინოთია უზრუნველყოფილიო წერენ გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ სარეკლამო განცხადებაში. 100 წლის წინანდელ საქართველოში მედია მასობრივი ნამდვილად არ იყო, თუმცა გაზეთ “ერთობაში” ბორჯომის რეკლამას მაინც გადააწყდებით.

 

 

საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხდა, თბილისში დილით კლუბში მიდიან წარმოდგენაზე დასასწრებად, ექიმი პაციენტების მიღებას განაგრძობს, მოსახლეობის ნაწილი მსოფლიო პოლიტიკას განიხილავს,  რეგიონებში კი ბოლშევიკური ნიავი ნელ-ნელა ძლეირდება და მალე თბილისს გრიგალად მოსწვდება.

3 წლის შემდეგ გაზეთ პრავდაში რუსული შრიფტით დაწერენ…

“დღეს – 26 მაისის დღეს, წითელი რევოლუციური დროშები გამოიფინება თავისუფალი ქართველი ხალხის თავზე, ხალხის, რომელმაც თავისი სისხლით შეღება ისინი. რევოლუციის პირველ დღეებში წითელი დროშების ტყით დაიფარა საქართველო. მხოლოდ ბნელი ძალები, მიმალული რეაქციები მისტიროდნენ სამ ფერიან დროშას”

ასე სრულდება ევროპული საქართველოს რესპუბლიკის სამ წლიანი თავისუფლება და კომუნისტური მმართველობის 70 წლიანი ეპოქა იწყება.

 

 

თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g