უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ რუსეთი ამზადებს ე.წ დიპფეიკს, ანუ არარეალურ ვიდეომასალას, რომელშიც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვა და უკრაინის კაპიტულაციის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
“დიპფეიკი” ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ვიდეო ან აუდიო მასალაა, რომელშიც ადამიანი აკეთებს და ამბობს იმას, რაც არასდროს გაუკეთებია და უთქვამს. უფრო ვრცლად ამაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ “მედიაჩეკერის” მასალა.
უკრაინის დაზვერვის განცხადებით, ამ სიყალბის მიზანია პანიკის დათესვა, მოქალაქეების სასოწარკვეთა და უკრაინის ჯარის დარწმუნება, რომ დანებდნენ:
“ეს არ იქნება რეალური ვიდეო. ასეთი ტექნოლოგიების საშუალებით, დამზადებული ვიდეოები თითქმის არ განსხვავდება რეალურისგან.
ეს ყალბია! მისი მიზანია დეზორიენტაცია, პანიკის დათესვა, მოქალაქეების სასოწარკვეთა და დარწმუნება, რომ ჩვენი ჯარები დანებდნენ. დარწმუნებულები იყავით – უკრაინა კაპიტულაციას არ აპირებს!” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებული შტატები პროგნოზირებს, რომ სწორედ ეს მაღალტექნოლოგიური მეთოდი იქნება მთავარი იარაღი დეზინფორმაციულ ომებში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: