ბავშვების მუსიკალური კონკურსის „რანინას“ ერთ-ერთი, კერძოდ, ფოლკლორის ტური ლევან ღვინჯილიამ მწვავედ გააკრიტიკა. მან დაწერა, რომ მისთვის გაუგებარი დარჩა, რა ენაზე მღეროდნენ კონკურსანტები და „შავნაბადას“ წევრები, როცა ერთ-ერთ მეგრულ სიმღერას ასრულებდნენ.
„ვინმემ ხომ არ იცით, რა ენაზე მღერიან?
ამ ცნობილ ანსამბლს მეტი პასუხისმგებლობა მართებს, როცა მისთვის ხელმიუწვდომელ ენაზე მღერის. რა პრობლემა იყო ტექსტის გამართვა???
უხერხულია ამის საჯაროდ გამოტანა.
არ გეკადრება, დავით, შენი პრეტენზიის მქონე ლოტბარს, მეგრულისადმი ასე აგდებული დამოკიდებულება, იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ ამ სიმღერის წმინდად ეროტიკული შინაარსი ყოვლად შეუფერებელია მცირეწლოვანი გოგონასთვის შესასრულებლად, როცა ზრდასრული მამაკაცი პატარა ბავშვს ეარშიყება.
სამწუხაროა, მეტი რომ არ ვთქვათ!!!“
ღვინჯილიას კრიტიკას „შავნაბადას“ ხელმძღვანელმა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტმა, დავით ცინცაძემ ვრცელი პოსტით უპასუხა:
„მე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, პროექტის “რანინა” – ფოლკლორის ტურის ავტორი და ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელი. ვგრძნობ პასუხისმგებლობას და მინდა გამოვეხმაურო ბატონ ლევან ღვინჯილიას ფეისბუქ პოსტს.
პირველ რიგში, მინდა, მას მადლობა ვუთხრა, რომ ჩვენი მაყურებელია და გვგულშემატკივრობს – შეცდომა არ მოგვივიდეს. ამას ძალიან ვაფასებთ.
რაც შეეხება პრობლემას – მის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ სიმღერის დროს მეგრული ტექსტი არ იყო სათანადოდ გამართული ცხადია მისაღებია. ჩვენ, არამეგრელები აქამდეც ვცდილობდით და სამომავლოდაც გავაგრძელებთ მცდელობას, რომ სვანურ, მეგრულ და სხვა დიალექტებზე/ენაზე მღერის დროს სწორად გამოვთქვათ სიტყვები. თუმცა მოგვიტევეთ თუ ქალთლელი 12 წლის ბავშვი (და არა მხოლოდ) ვერ გამოთქვამს მეგრულად ისე, როგორც მეგრელი.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ სიმღერა ეროტიკული შინაარსისაა და არაა ბავშვის სამღერი – დიახ, ეს სიმღერა სატრფიალოა და ნებისმიერი სატრფიალო სიმღერა ეროტიკული შინაარსისაა, თუმცა არაა უხამსი. და დიახ, ვეთანხმებით ბატონ ლევანს, რომ საბავშვო რეპერტუარი არაა არც “მე რუსთველი”, არც დედის “იავნანა”, არც “ჭიჭე-ტურა”, არც “შიშ-ნანი”, არც “ხასანბეგურა” და არც “ანაგურელო” – და არც სხვა ის ნიმუშები, რომელიც “რანინაში” ისმის.
აქ, “რანინაში” ბავშვები ასრულებენ მეტად რთულ სიმღერებს არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ პროფესიონალებისთვისაც კი.
რაც შეეხება კრიტიკის ფორმას – ბატონო ლევან ღვინჯილია, თქვენნაირი ღვაწლმოსილი მეცნიერისგან კრიტიკის ასეთი ფორმა მიუღებელი მგონია და თქვენც კარგად იცით, რომ კრიტიკა მხოლოდ შეცდომაზე საუბარი არაა. უნდა ითქვას დადებითიც და პრობლემებიც.
დღემდე არაერთი მეგრული, გურული, კახური და სხვა კუთხეების ნიმუშები შესრულდა ჩვენთან, თუმცა თქვენი მხრიდან რეაგირება მხოლოდ ახლა და ასეთ პრობლემაზე უცნაურიც და უხერხულიც მგონია. არადა რამდენი დადებითია სათქმელი…
და ბოლოს – აქამდე 3 სეზონი განვლო “რანინამ”. შესაბამისად, ბატონო ლევან, გთხოვთ, ჩამოთვალოთ 30 საბავშვო შინაარსის ქართული ხალხური სიმღერა და ასევე მომავალი წლის 10 სიმღერის იდეასაც სიამოვნებით მოვისმენდი.
თუ იცით, მსგავსი რეპერტუარი, გეპატიჟებით გადაცემაში “ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილები” და როგორც მოქმედმა სახელმწიფო ანსბლის ხელმძღვანელმა ჩაატარეთ ერთი გაკვეთილი – ჩვენი ეთერი ღიაა თქვენთვის მუსიკის გაკვეთილის ჩასატარებლად (თუ თანახმა იქნებით და შეძლებთ).
მე კი, შემძლია გითხრათ, რომ დათო ცინცაძემ, “შავნაბადას” ხელმძღვანელმა, არ ვიცი ქართულ ფოლკლორში საკუთრივ საბავშვო რეპერტუარი ამ რაოდენობით. ჩემი გამოცდილებით და ცოდნით არც არსებობს ეს რაოდენობა. ჩვენ, “მართვეში”, “ბიჭებში” და სხვა ბავშვთა ანსამბლებში გავიზარდეთ “ჩაკრულოზე” სატრფიალო სიმღერებზე, ცხენოსნურებზე, მაყრულებზე და სხვა ზრდასრული ასაკის შესაბამის სასიმღერო ჟანრებზე. როგორც ჩანს, არც ჩვენმა პედაგოგებმა იცოდნენ 30-40 საკუთრივ საბავშვო სიმღერა.
გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი იდეა და გაგვიზიაროთ გამოცდილება.
თუ ვერ ჩამოთვლით, ეს იმას ნიშნავს, რომ “რანინაში”, რომელიც ასეთ პოპულარიზაციას უწევს ახალგაზრდებში ქართულ ფოლკლორს, უნდა შევწყვიტოთ ფოლკლორის ტურები?!“