რიკოთი-ზესტაფონის გზა მხოლოდ იმ შეთხვევაში გახდება ფასიანი, თუ იარსებებს ალტერნატიული გზა, სადაც მოსახლეობა კვლავ ყველანაირი თანხის გარეშე შეძლებს გადაადგილებას, ამის შესახებ „ფორტუნას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ფასიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზა, ძირითადად, სატრანზიტო მოძრაობისთვის იქნება. მათივე ინფორმაციით, ახალი გზა განტვირთავს აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას.
დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ რიკოთის გვირაბიდან ზესტაფონის შესასვლელამდე გზა, შესაძლოა, ფასიანი გახდეს.
ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული მხარისთვის არის რიკოთის უღელტეხილის პროექტის განხორციელება და ინვესტორს აქტიურად ეძებენ. მინისტრისგანცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინელი ინვესტორები დაინტერესდებიან რიკოთის უღელტეხილის პროექტში ინვესტიციების განხორციელებით, ტერიტორიაზე გადაადგილება იქნება ფასიანი და ინვესტორები პროექტში ჩადებული თანხის ამოღებას ამ გზით შეძლებენ.
“როდის დაიწყება პროექტის განხორციელება, რთული სათქმელია, რადგან, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 2 შემოთავაზება გვაქვს ინვესტორისგან. ასპექტებით ორივე შემოთავაზება განსხვავებულია, მაგრამ ძირითადად მსგავსი შემოთავაზებებია,” – განაცხადა ჯავახიშვილმა.
