ევროპაში სულ უფრო მეტი მოქალაქე ეჭვობს, რომ მომავალში სახელმწიფო პენსიაზე დაყრდნობას ვეღარ შეძლებს. სახელმწიფო პენსიები მოსახლეობის თვალში არასაკმარისად მაღალია, თუმცა ევროპელებმა არ იციან, თუ როგორ უნდა გადაიხედოს მოქმედი სისტემა. YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი ფიქრობს, რომ 30-40 წლის ადამიანებისთვის სახელმწიფო საპენსიო სისტემა, პენსიაზე გასვლის დროისთვის მიუწვდომელი იქნება.
ევროკავშირის ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფო პენსიებზე ყველაზე დიდ წილს მშპ-დან საბერძნეთი და იტალია ხარჯავენ – დაახლოებით 16%-ს; ხოლო საფრანგეთი, ავსტრია და პორტუგალია 13-14%-ს. მიუხედავად ამისა, მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არსებული პენსიები დღეს უკვე არასაკმარისია, არათუ წლების შემდეგ.
მაგალითად, იტალიისა და პოლონეთის იმ მოქალაქეთა 70%-ზე მეტი, ვინც ჯერ პენსიაზე არ გასულა, არ არის დარწმუნებული, რომ მომავალში საკმარისი თანხა ექნება კომფორტული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
საფრანგეთსა და ესპანეთში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 66% და 64%-ია.

ერთიანი ხედვა რეფორმებზე არ არსებობს. მოსახლეობა ძირითადად მხარს უჭერს ხანდაზმული მუშაკების დასაქმების გაგრძელების წახალისებას და დამატებით შენატანებს კერძო საპენსიო ფონდებში, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგება საპენსიო ასაკის ზრდას, გადასახადების მატებასა და პენსიების შემცირებას.
ევროკომისია საპენსიო დანაზოგების ზრდასა და კერძო სისტემების განვითარებას ხედავს გამოსავლად, თუმცა დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე პენსიების მდგრადობა კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად რჩება.
