„ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებით სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებთან საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რათა დაანახვოს ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველომ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგით შექმნა“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნებიან სკეპტიკური ქვეყნები, რომლებსაც ზოგადად, ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებაში აქვთ კონკრეტული ხედვები და რომელიც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ.
„ამ კუთხითაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომ დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შექმნა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგით და ის მოლოდინები, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ ხვალინდელ დღეზე.
რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა პარტნიორი აღიარებს იმ შედეგებს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ევროპული ინტეგრაციის გზაზე დადო და ეს პროცესი მომავალში გაგრძელდება.
ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რაიმე ტიპის ალტერნატიულ კავშირს, სივრცეს ევროკავშირის პერსპექტივის შემცველად, თუ კანდიდატის სტატუსზე არ იქნება დადებითი გადაწყვეტილება:
„ცოტა ხნის წინ შეხვედრა მქონდა ფრანგ კოლეგასთან და ცალსახად, ჩვენი საუბრიდან შემიძლია გითხრათ, რომ საფრანგეთი ამ ფორმატს რომელიმე სხვა ფორმატის ალტერნატივად არ განიხილავს.
შესაბამისად, ჩვენ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა ვიცით, როგორ უნდა გავიაროთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად, თუმცა ნებისმიერი სხვა შესაძლებლობა პლატფორმა, თუ ფორმატი, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ევროინტეგრაცია, საქართველოს მთავრობა ამ შემოთავაზებას პარალელურ რეჟიმში აუცილებლად განიხილავს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ხელის შემწყობი იმისა, რასაც ჩვენ ევროინტეგრაციის ხაზით ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ.“– განაცხადა დარჩიაშვილმა.
პრემიერი: რომ არა ჩვენი მთავრობა, არათუ ევროკავშირი, ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით