LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აცხადებს არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობასა და საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრი – პარლამენტში ილია დარჩიაშვილს უსმენენ

115
ილია დარჩიაშვილი

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე, დღეს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვაზე, იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების შექმნა, რათა საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გაიხსნას, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „საკონსულო დაწესებულების გახსნის საკითხი კომპლექსურია, მხოლოდ არჩევნებთან არ არის დაკავშირებული და მას გაცილებით ფართო დატვირთვა აქვს“.

„ჩვენი მთავარი მიდგომა და პრიორიტეტი, ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, არის ის, რომ ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ, რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე უზრუნველვყოთ მათი უფლებების დაცვა ადგილზე. აქედან გამოვდივართ და არ ვუყურებთ ჩვენს მოქალაქეებს ისე, როგორც მხოლოდ ადამიანებს, რომლებმაც ხმა უნდა მისცენ ამა თუ იმ პარტიას.

საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესსა და პროცედურას, საკონსულო დაწესებულების სახეობას, მის ფუნქციონალურ დატვირთვას და ორგანიზაციულ მოწყობას განსაზღვრავს „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია. აღნიშნული კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების გახსნა შეიძლება მხოლოდ ამ სახელმწიფოს თანხმობით.

აღსანიშნავია, ასევე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა საჭიროა მაშინაც, თუ რომელიმე გენერალური საკონსულო ან საკონსულო მოისურვებს გახსნას ვიცე-საკონსულო ან საკონსულო სააგენტო არა იმ დასახელებულ პუნქტში, სადაც თვითონ არის განლაგებული.

აღნიშნული რეგულაცია დაკონკრეტებულია “საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესის და ტიპობრივი დებულებით“. შესაბამისად, საკონსულო დაწესებულების გახსნის საკითხი წარმოადგენს კომპლექსურ საკითხს, რომლის განხილვისას, მხედველობაში მიიღება მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებები, ადგილსამყოფელი ქვეყნის რეგულაციები და სხვა საკითხები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების მიღების ვადები, დაწესებულების ადგილსამყოფლის შერჩევის წესები და სხვა.

როგორც წესი, დაწესებულების გახსნის წინადადების განხილვაში ჩართულია არაერთი უწყება და კონსულტაციები შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი მიმდინარეობდეს. რაც შეეხება თქვენს მიერ წერილში დასმულ საკითხს, ქ. ბარიში გენერალური საკონსულოს შესახებ, გაცნობებთ, რომ ქ. ბარიში საკონსულო დაწესებულების გახსნისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება დაიწყო 2019 წელს, შესაბამისმა პროცედურებმა 7-თვიდან ერთ წლამდე პერიოდი მოიცვა. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკონსულო დაწესებულების გახსნა არ არის დაკავშირებული მხოლოდ არჩევნებთან და მას გაცილებით ფართო დატვირთვა აქვს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები