LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარეგისტრირებულია 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი – მინდა თითოეულს წარმატება ვუსურვო“ – ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, პირველ სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა

140
ერთიანი ეროვნული გამოცდები - გიორგი ამილახვარი (1)

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო და როგორც განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, გამოცდებისთვის 47 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ქვეყნის 12 ქალაქში სრულად არის მომზადებული 24 საგამოცდო ცენტრი, რომელიც ყველა ინვენტარით არის აღჭურვილი.

„დარეგისტრირებულია 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი. ქვეყნის 12 ქალაქში სრულად გაშლილი და მომზადებულია 24 საგამოცდო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ყველა ინვენტარით, გაგრილების სისტემებით და ყველა იმ საშუალებებით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენმა აბიტურიენტებმა მშვიდ გარემოში გამოავლინონ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი და მიიღონ უმაღლესი ქულები.

მინდა თითოეულ აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო. სრული გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ მათ შეძლონ მშვიდად თავიანთი ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენა, მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო იმ უნივერსიტეტში მოხვედრა, რომელიც არჩეული აქვთ“, -განაცხადა ამილახვარმა.

გარდა ამისა, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ საგამოცდო სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა, ერთმა აბიტურიენტმა კი დააგვიანა.

როგორც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის ერთი დაგვიანების შემთხვევა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები