LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმაღლესი შეფასების მიღებაში თვითდაჯერებულობა და შრომისმოყვარეობა დამეხმარა, რაც, რეალურად, ყველაფრის გასაღებია“ – აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა მიიღეს

239
წარმატებული აბიტურიენტები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. დღეს მომავალმა სტუდენტებმა უცხოურ ენაში მიღებული ქულა გაიგეს.

mshoblebi.ge მაქსიმალური შეფასების მქონე რამდენიმე აბიტურიენტის შესახებ წერს:

ბარბარე გულხადარაშვილმა 207-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მკითხველს ის უკვე გავაცანით – მან ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა და 60 ქულა მიიღო. ახლა კი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ მიაღწია უმაღლეს შედეგს ინგლისურ ენაში:

– ინგლისურს დიდი ხანია, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ და მხოლოდ იმის ამბიცია არ მქონია, რომ ეს ენა ერთიანი ეროვნული გამოცდების დონეზე მესწავლა, რადგანაც ვფიქრობ, მისი კარგად შესწავლა დასაქმებისა და განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მაღალი დონის სიტყვებიც ვიცოდი, რაც ესსეს წერის პროცესში დამეხმარა. მასწავლებელი ყოველთვის მიზიარებდა იმ სიტყვებსა და დავალებებს, რაც კარგი შედეგის მიღწევაში დამეხმარებოდა და მას, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ამისთვის.

მგონია, გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ძალიან მარტივი იყო. ყველა დავალება უპრობლემოდ გავაკეთე. ესსეს როგორ შეაფასებდნენ, არ ვიცოდი, მაგრამ მაქსიმალური ქულა მივიღე. მშვიდად ვწერდი და ვფიქრობ, ესეც დამეხმარა.

გაიცანით წარმატებული გურული აბიტურიენტები, რომელთაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს: „ვულოცავთ, ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს“

დღეს, გამოცდების ეროვნული ცენტრმა აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) პირველად შედეგები გამოაქვეყნა.

მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ როდესაც მეცადინეობას დაიწყებენ, არ ჰქონდეთ მხოლოდ იმის ამბიცია, რომ ინგლისური ენა ერთიანი ეროვნული გამოცდის დონეზე ისწავლონ. დიდი დრო დაუთმონ, კლასგარეშე ლიტერატურას გადახედონ, რადგან ვფიქრობ, ინგლისური ენის კარგად შესწავლა არა მხოლოდ გამოცდებისთვის, არამედ ზოგადადაც, მნიშვნელოვანია.

სალომე მიქუჭაძე 35-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას იურიდიული ფაკულტეტის მიმართულებით აპირებს. ინგლისურ ენაში მაქსიმალური შეფასება – 70 ქულა მიიღო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი მაქსიმალური 60 ქულიდან – 59. სალომე გვიყვება, რა დაეხმარა უმაღლესი შედეგის მიღწევაში:

– უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, უმაღლესი შეფასების მიღებაში თვითდაჯერებულობა და შრომისმოყვარეობა დამეხმარა, რაც, რეალურად, ყველაფრის გასაღებია. მასწავლებელთან ერთად დაუღალავად ვიშრომე. მაქსიმალურად მეტი შრომა, მეტი კომუნიკაცია, მეტი ფილმი და მეტი შეხება ენასთან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კარგი შედეგის მიღება დიდი ენერგიის ჩადებას მოითხოვს.

ინგლისურში ინტენსიურად მომზადება ბოლო წელს დავიწყე. სკოლის რესურსიც განსაკუთრებით გამომადგა. ჩემს მასწავლებელს, ქალბატონ ნინოს, უდიდეს მადლობას გადავუხდი, რადგანაც ამ წარმატებაში მას დიდი როლი აქვს.

ოჯახის მხარდაჭერა კი განსაკუთრებით მეხმარებოდა და მოტივაციას მაძლევდა. ჩემთვის, საგამოცდო ტესტი მართლა ძალიან მარტივი იყო, არ გამიჭირდა და მგონია, აბიტურიენტის ცოდნის წარმოჩენაზე მაქსიმალურად იყო მორგებული.

მომავალ აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ ინერვიულონ, ისიამოვნონ ამ პროცესით და საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენონ. თვითგანვითარებისთვის რესურსები არ დაინანოთ და იცოდეთ, რომ ამ ყველაფერს საკუთარი ბედნიერი მომავლისთვის აკეთებთ.

კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტი, რომელმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა მიიღო, ბარბარე ალიაშვილია. მან 64-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც უმაღლესი შეფასება აქვს და 59 ქულის მიღება შეძლო. მომავალ აბიტურიენტებს კი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

– სკოლაში ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, შემდეგ კი Flex-ის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში წავედი და იქ გატარებული 1 წელი განსაკუთრებით დამეხმარა, რომ ინგლისურის დონე გამეუმჯობესებინა. დამატებით აღარ ვემზადებოდი.

ლექსიკონის გაღრმავება, სიტყვათა მარაგის გამრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია, რაშიც ამერიკული და ბრიტანული ტელესერიალების, ფილმების ნახვა, წიგნების წაკითხვა დამეხმარა.

მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ. საკითხს სერიოზულად მიუდგნენ და გამოცდაზე თავდაჯერებულები გავიდნენ. ჩემს პედაგოგს ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო. მისი როლი ამ წარმატებაში დიდია.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში 59 ქულა ავიღე, 60-დან, თუმცა ჯერჯერობით ქართულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას არ ვაპირებ. სექტემბრიდან უნგრეთში მივდივარ, სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული გახლავართ და უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩავირიცხე. ამ ეტაპზე, საქართველოში აკადემიურის აღებას ვგეგმავ, თუმცა აუცილებლად ჩამოვალ და სწავლას გავაგრძელებ.

ლუკა ალადაშვილმა ქართულ-ამერიკული სკოლა დაამთავრა. ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ინგლისურ ენაშიც და ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მან მაქსიმალური ქულები მიიღო და საკუთარი წარმატების შესახებ გვიყვება:

– ქართულ-ამერიკულ სკოლაში ვსწავლობდი და ინგლისურს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურში გამოყენებული ტესტი იმაზე გაცილებით მარტივი იყო, რასაც სკოლაში ვაკეთებდით. აქამდეც ყოველთვის ვშრომობდი და სისტემატურად ვმეცადინეობდი. ვცდილობდი, ფილმები ინგლისურად მენახა, რაც, ვფიქრობ, ენის გაუმჯობესებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს.

მნიშვნელოვანია, წინა წლებში გამოყენებული ტესტები კარგად შევისწავლოთ. თავად ეს ძალიან დამეხმარა, რომ დავალებების სტილი გამეგო და გამომეყენებინა.

ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მაქსიმალური ქულა მივიღე, რაც ვფიქრობ, მასწავლებლის უდიდესი დამსახურებაა. რა თქმა უნდა, თავადაც ბევრი ვიშრომე და მოვინდომე. სკოლაში ბოლომდე ვიხარჯებოდით და ამ გამოცდილებამ და შრომამ შედეგი გამოიღო.

აბიტურიენტებს კი მინდა ვუთხრა, რომ პროგრამული ნაწილის სწავლის პარალელურად, პირად მონდომებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ თავადაც, დამოუკიდებლად, რაღაცების ძიებას დავიწყებთ და მხოლოდ მასწავლებლის მიერ მოცემულ დავალებებზე არ ვკონცენტრირდებით, გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწევთ.

ელენე ყვავილაშვილი კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტია. მან ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას პროგრამირების მიმართულებით აპირებს. ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში კი მაქსიმალური, 70 ქულა მიიღო:

– ინგლისური ენის შესწავლას ბავშვობიდან დიდ დროს ვუთმობდი. შოუებს ინგლისურად ვუყურებდი, წიგნებს ვკითხულობდი, ძლიერი მასწავლებლები მყავდა და უკვე იმხელა ბაზა მქონდა შექმნილი, რომ ტესტს ძალიან მარტივად გავუმკლავდი. ვფიქრობ, მონდომებასა და შრომისმოყვარეობას შესაბამისი შედეგი აუცილებლად მოჰყვება.

აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ტესტები ხშირად გააკეთონ. ეს შეცდომების აღმოჩენასა და შემდგომ, საკუთარი უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. თუ ენას შეიყვარებთ, ცხოვრებაში გამოიყენებთ, თუნდაც ფილმების ყურებით, წიგნების წაკითხვით, გაცილებით კარგ შედეგს მიიღებთ არა მხოლოდ საგამოცდოდ, არამედ ზოგადადაც.

ზაზა რატიანმა 32-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას არქიტექტურის მიმართულებით აპირებს. ინგლისურ ენაში მაქსიმალური შეფასება მიიღო და მომავალ აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

– ბავშვობიდან ინგლისურენოვან ლიტერატურას ვკითხულობდი და ამ წელს მასწავლებლის, ანა ოქრომჭედლიშვილის ინიციატივით, C-2-ის დონე გავიარე, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.

ყველას ვურჩევ, რომ საკუთარი უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებაზე ბევრი იმუშაონ, რადგან სკოლაში გავლილი მასალა იშვიათად ყოფნის ადამიანს. მე, პირადად, მეხუთე კლასიდან ჩემი კერძო მასწავლებელი აბიტურიენტებთან მსვამდა და ეროვნული გამოცდის მსგავს ტესტს მაწერინებდა. ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ შრომისმოყვარეობა და მონდომება წარმატების გარანტიაა. ბევრი ვიშრომე და იმედია, ეს შრომა დამიფასდება.

შეგახსენებთ, რომ უცხოური ენების ტესტისმაქსიმალური ქულაა 70. მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 14 ქულაზე მეტი. ზღვარის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ 14-ზე მეტი გახდება

ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ – ბმულზე

ავტორი: თამარ იაკობაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები