LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარტანიანი, იდიოტი და ოტელო მატარებელში: ვინ შეიძლება შეგხვდეთ ქართულ მატარებელში?

128

ილოცე ძილის წინ?!. თბილისი-ბათუმის რეისზე შესაძლოა ერკიულ პუარო ან შერლოკ ჰოლმსი დაგემგზავროთ. ეს თქვენზეცაა დამოკიდებული – ვისაც მიიტანთ, იმასთან ერთად ისიამოვნებთ მთელი გზა. რკინიგზაზე ქართველი მომხმარებლების თანამგზავრები რომეო და ჯულიეტა, ოტელო, ჰამლეტი, სამი მუშკეტერი, ძმები კარამაზოვები, იდიოტი, გრაფი მონტე კრისტო, დონ კიხოტი, რობინზონ კრუზო, დათა თუთაშხია, ბაში-აჩუკი და სხვა ყველაზე ცნობილი ხალხი იქნებიან…

 

საქართველოს რკინიგზა ახალ პროექტს იწყებს – მატარებლებში ბიბლიოთეკები მოეწყობა. პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია – მას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ბიბლიოთეკიდან თუნდაც ერთი წიგნი მატარებელს აჩუქოს.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ განუცხადა, პროექტი ერთი დღეა დაიწყო და საზოგადოების მხრიდან უკვე დიდი ინტერესი შეინიშნება.

 

”საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, მატარებლებში ბიბლიოთეკების მოწყობა იგეგმება. მატარებლები წიგნებით, სავარაუდოდ, ზაფხულის სეზონისთვის აღიჭურვება, თუმცა მზადება უკვე დაწყებულია. ამ ერთი დღის მანძილზე, საკმაოდ დიდი რაოდენობით მსურველმა დატოვა წიგნი ”თბილისის ცენტრალში”. სწორედ აქ, სალაროების გვერდით, მორიგის ოთახში შესაძლებელია წიგნების მოტანა და დატოვება”, – აღნიშნა ცაგურიამ. მისივე თქმით, საქართველოში მგზავრობის დროს, მატარებელში იშვიათად კითხულობენ და სწორედ ამ რეალობის შეცვლას გეგმავს საქართველოს რკინიგზა.

”გვინდა, მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს. ვცდილობთ, დავამკვიდროთ მატარებელში წიგნის კითხვის კულტურა”, -განმარტა რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი და რომელი მატარებლები აღიჭურვება წიგნებით, ცაგურია ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია საზოგადოებაზე – იმაზე, თუ რამდენი წიგნი მოგროვდება. ამასთან, საქართველოს რკინიგზა მოუწოდებს გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, პოეტებს, მწერლებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებსაც, დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად, მათაც მიიღონ ამ ინიციატივაში მონაწილეობა და ხელი შეუწყონ საქართველოში კითხვის პოპულარიზაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g