LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმება 300 მსურველისთვის – საჯარო რეესტრს ვაკანსია აქვს

631
56ec0e8268f9f

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრში 300 ამზომველი დასაქმდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით დევიძე მიწის ნაკვეთების ამზომველთა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველ ფაზაში შერჩეულ კანდიდატებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ რეფორმის ეფექტიანად განხორციელებისთვის აზომვითი სამუშაოების მაღალი სტანდარტით შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ახალ თანამშრომლებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, ამზომველ–ამგეგმავების პროფესიულ გადამზადებასა და სერტიფიცირებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. საკადასტრო აგეგმვითი სამუშაოების გასამარტივებლად ამზომველებს უახლესი გეოდეზიური აპარატურით უზრუნველყოფს, რაც მონაცემთა მაღალ ხარისხსა და სიზუსტეს განაპირობებს.

სპეციალური ტექნიკისა და ეკიპირების, ასევე, საჯარო რეესტრის მიერ შექმნილი  ელექტრონული ოქმებისა და ვებაპლიკაციის დახმარებით სასურველი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება გაცილებით სწრაფად იქნება შესაძლებელი.

მიწის სისტემური რეგისტრაციის მასშტაბური პროექტში ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში სულ 465 სერტიფიცირებული ამზომველი იქნება ჩართული. პროექტი 2022 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე დასრულდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სისტემური წესით მთელი ქვეყნის ტერიტორიის მესამედს, დაახლოებით, 1,2 მლნ ჰექტარ ფართობს  (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) დაარეგისტრირებს.

მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფასოდ განახორციელებს.

მიწის ნაკვეთის ამზომველ-ამგეგმავის ვაკანტურ პოზიციებზე აპლიკანტთა შერჩევის პროცედურები გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები