LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური საწარმო “ტენე” დევნილებს ასაქმებს, წარმოებას აფართოებს და ექსპორტზე გასვლას გეგმავს / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

135
Untitled design (67)

„ტენე“ 2021 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს, როგორც სოციალური საწარმო  და ის USB კაბელებს აწარმოებს.

„ტენეს“ კაბელები მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და სოციალურ მისიად გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა აქვს დასახული.

წარმოების პროცესში „ტენე“ იყენებს მეორად პლასტმასს, რითაც გარემოში მავნე  ნარჩენებს ამცირებს.

„ტენეს“ ქარხანა წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარეობს და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმება კომპანიის  დამატებითი სოციალური პასუხისმგებლობაა.

„ტენე“ წლის სოციალური საწარმო 2022-ის ფინალისტია.

„ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად, სანდრო ლილუაშვილიტენეს“ დამფუძნებელი საუბრობს.

 

 

– სანდრო, პირველ რიგში გილოცავთ, სამეულში ხართ წლის სოციალური საწარმო 2022-ის. რას ნიშნავს ეს თქვენი კომპანიისთვის და რამდენად დაგეხმარებათ მსგავსი სტატუსი.

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ფინალისტებს შორის ყოფნა. პირველ რიგში, ესაა აღიარება და იმის დაფასება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

თავისთავად ეს დამატებითი პოპულარიზაციაა იმ საქმის, რასაც ვაკეთებთ. ფართო მასებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თავისთავად ძალიან გვჭირდება.

– გვიამბეთ თქვენს საქმიანობაზე, რა პროცესებს გადის? როგორც ვიცი, იყენებთ მეორად ბოთლებს. იბარებთ პლასტმასებს  და შემდეგ აქედან აწარმოებთ პროდუქციას.

– ვატარებთ სოციალურ აქციებს, ჩვენი მიზანია, ცნობიერების ამაღლება დედამიწის პლასტმასის დაბინძურებასთან დაკავშირებით, გვინდა, მოსახლეობას დავანახოთ, რა საფრთხეებს უქმნის ის მსოფლიოს. ამისთვის ვატარებთ გარკვეულ აქციებს. ვიბარებთ ბოთლებსა და თავსახურებს, რომლებსაც გადავამუშავებთ, კონკრეტულად ბოთლის თავსახურებს, რომლებსაც თერმოპლასტიკები ჰქვია.

თერმოპლასტიკის დნობის შედეგად  გვეძლევა საშუალება, მას ნებისმიერ ყალიბში, ნებისმიერი ფორმა მივცეთ.

ვასხამთ კაბელის შედუღების წერტილებს, რითაც ხდება გადაბმის ადგილების დამატებითი დაცვა. ეს უზრუნველყოფს, რომ კაბელმა რაც შეიძლება დიდი ხანი გაძლოს.

ზუსტად აქ ვიყენებთ მეორად პლასტმასს, იმის  ნაცვლად, რომ ჩინეთიდან შემოგვეტანა ახალი პლასტმასი.

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ქარხანა მდებარეობს წეროვანში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში.  რამდენი ადამიანია დასაქმებული და თუ გაქვთ გეგმაში წარმოების გაფართოება.

– წარმოების გაფართოებას აუცილებლად ვგეგმავთ. ამჟამად 30-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ეს რიცხვი გაიზრდება, გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა გაიზრდება.

გეგმა გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდეთ. დანადგარებს არ სჭირდება დასვენება და შესაძლებელია, რომ 4 სმენა არსებობდეს.

თავისთავად დასაქმებულები იქნებიან წეროვანის დასახლებიდან. ჩვენ პირველ რიგში დევნილებს ვასაქმებთ ასეთი მიმართულება გვაქვს აღებული.

– საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. დამტენი როგორც წესი, ხშირად ფუჭდება, მით უფრო პრობლემურია გადაბმის ადგილები,როგორც თქვენ აღნიშნეთ. თუმცა უხარისხო ჩინური პროდუქციით, დღეს სავსეა ბაზარი. ამ შემთხვევაში ალბათ ხარისხი და ფასია მნიშვნელოვანი. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

– კონკურენცია ძალიან დიდია. USB კაბელები იყიდება ყველა ფეხის ნაბიჯზე. საკმაოდ გაგვიჭირდა ბაზრის ტიპის დაკავება და კონკურენცია ჩინურ პროდუქციასთან, რომელსაც ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს.

ფაქტობრივად, საქმის კეთება ნულიდან დავიწყეთ. წარმოუდგენელი საქმე გაკეთდა. თუმცა ბაზარზე ჩვენი ადგილის დაკავება მაინც მოვახერხეთ.

ეს ძირითადად ხარისხის, მარკეტინგის დახმარებითა და ჩვენი ერთწლიანი გარანტიის დახმარებით გავაკეთეთ. მოგეხსენებათ ჩვენს პროდუქციას ერთწლიანი გარანტია აქვს, ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ვუცვლით მომხმარებელს. ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური კომპონენტი.. ამ ყველაფერმა იმის საშუალება მოგვცა, რომ ჩაგვენაცვლებინა („ჩაგვეჩოჩებინა“) ჩინელი მწარმოებლები და მათ ნაცვლად ჩვენი პროდუქცია შეგვეტანა სხვადასხვა მაღაზიაში.

 

– ექსპორტს გეგმავთ? თუნდაც ახლო სამეზობლოში რომ გაიტანოთ თქვენი პროდუქცია, ამაზე ხომ არ გიფიქრიათ?

– შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად ექსპორტი იქნება. ამჟამად ჩვენი ცნობადობა მაღალია საქართველოში.

ვყიდით პროდუქციას საქართველოში, მაგრამ ისე არ ხდება, რომ ვიღაცამ დიდი რაოდენობა შეგვიკვეთოს.

იძულებული გავხდით, შეგვექმნა ჩვენი დისტრიბუციის ქსელი. აგვეყვანა ბიჭები, რომლებიც სხვადასხვა მაღაზიებში ივლიდნენ და გაყიდვებზე იმუშავებდნენ. სხვადასხვა მაღაზიებს შესთავაზებდნენ და შეიტანდნენ გასაყიდად. ამ გზით ვახერხებთ დღეს გაყიდვების გენერირებას.

საზღვარგარეთ რომ გავიტანოთ, გასაკეთებელი იქნება ანალოგიური სტრუქტურის ჩამოყალიბება.

რთული იქნება იმის მიღწევა, რომ ვიღაცამ ერთიანი შეკვეთა მოგვცეს. მაღაზიაში უნდა შეიტანო პროდუქცია და მერე გადაგიხდიან.

სხვა ქვეყნებშიც საჭირო გახდება დისტრიბუციის აწყობა. ამჟამად ჩვენი მთელი ენერგია მიმართულია საქართველოსკენ, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ბაზრის 5-7 % გვაქვს დაკავებული და პოტენციალი გვაქვს, რომ 20-30% დავიკავოთ – ამისკენ ვართ ორიენტირებული. გვინდა, რომ საქართველოში გაიყიდოს ჩვენი კაბელი და ჩვენი ადგილი დავიკავოთ.

– წარმატებებს გისურვებთ. მსმენელსა და მკითხველს კი შევახსენებ, რომ 17 ნოემბერს გაიმართება ფორუმი სოციალური საწარმოების, სადაც 2022 წლის გამარჯვებული გამოვლინდება.

“გორში, თავდაპირველად, 7 დევნილი ქალი გადავამზადეთ” – სოციალური საწარმო “ლიდერი” პროდუქციას სამკერვალო ნარჩენებით ქმნის და ექსპორტზე ევროპისა და ამერიკის ბაზარზე გააქვს / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

“ექვსი ქალბატონი გვყავს დასაქმებული, მათგან ორი უკრაინიდანაა” – ერთი წლის წინ შექმნილი „დედიკო“ წლის სოციალური საწარმო 2022-ის ფინალისტია/„ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g