,,აზროვნების აკადემია” ფსიქოლოგ ნინო ბუაძის ძალიან საინტერესო ლექციიდან ამონარიდს გვთავაზობს, სადაც ფსიქოლოგი სკოლისთვის მზაობაზე ზაუბრობს. სად უშვებენ ყველაზე დიდ შეცდომას მშობლები და როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს სწავლა. ამ თემაზე ნინო ბუაძე მშობლებს საინტერესო რეკომენდაციებს აძლევს:
“სკოლაში ბავშვი ახალ სამყაროში ხვდება, ახალი ღირებულებების და წესების სამყაროში.
ერთ-ერთი დიდი სირთულე მისთვის შეფასების სისტემაა, ბავშვის შესაძლებლობებისა და ცოდნის შეფასება.
მანამდე ოჯახი ღებულობდა ისეთად როგორიც ის იყო, ეხლა კი ახალმა გარემომ, სკოლამ, მისი შესაძლებლობების, უნარების შეფასება დაიწყო. სწორედ ამ გამოწვევის დაძლევის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ემოციების გამოხატვისა და მართვის, მარცხის მიღებისა და გადატანის უნარი.
ხაზგასმით მინდა გამოვყო მშობლის დამოკიდებულება, როგორ ამზადებს იგი სკოლისთვის ბავშვს, რამდენად ეხმარება ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესს.
მომდევნო ეტაპზე, როგორ უჭერს მხარს ბავშვს და აძლიერებს შთაბეჭდილებების, ემოციების, სტრესთან გამკლავების დროს.
თანამშრომლობს თუ არა მშობელი პედაგოგთან, როგორ წარადგენს ბავშვს… ყოველივე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლასთან ბავშვის დამოკიდებულებების ჩამოყალიბების პროცესში.
არცთუ იშვიათად მოგვისმენია ფრაზები: „დასრულდა შენი თამაში, ეხლა სწავლის დროა,“ „დაიწყო ორივეს ტანჯვა, ჩემიც და შენიც.“ ამ შემთხვევაში, სკოლა ბავშვისთვის აღიქმება როგორც სადამსჯელო გარემო, სადაც ადგილი არ აქვს მის საყვარელ საქმიანობას – თამაშს.
მსგავსი მიდგომა, რა თქმა უნდა, ილექება ბავშვის გონებაში და მის სწავლისადმი, სკოლისადმი განწყობაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, კონკრეტულად წარმოქმნის შიშს, აგრესიას, შფოთვას. შედეგად, საკუთარი თავის რწმენა და ინიციატივის უნარი ქრება.
საჭიროა მშობელმა დადებითი მოლოდინები ჩამოუყალიბოს და შექმნას მოტივაცია, თუ რა ელოდება სკოლაში. მაგ.: „სკოლაში გაქვს შესაძლებლობა, ისწავლო წერა და კითხვა, რაც დაგეხმარება შემდეგში დამოუკიდებლად შეძლო საინტერესო წიგნების წაკითხვა,“ ან მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მისთვის საყვარელ აქტივობებს ხშირად შეხვდება, მაგ.: ხატვა, ანგარიში. არა მკვეთრი გამიჯვნა, რომ ბაღში დასრულდა თამაში და სკოლაში იწყება სწავლა.”