საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძლიერი წვიმის შედეგად მათთან შესულ ზარებსა და ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-დან თბილისში უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ დატბორვის ფაქტებზე 90-მდე შეტყობინება შემოვიდა.
„შეტყობინებების უმეტესობა, ძირითადად დიღმის მასივის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და პირველი სართულები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ამ დროისთვის, თბილისის ყველა უბანში ვითარება სტაბილურია“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.