„ფორტუნა პლუსის“ ეთერს, გადაცემა „ვიზიტორს“ ესტუმრა მომღერალი დათო კენჭიაშვილი, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 7 მარტს სოლოკონცერტს მართავს. გარდა ამისა, „ფორტუნა პლუსის“ ეთერში შედგა დათოს ორი ახალი კომპოზიციის პრემიერა.
დათო კენჭიაშვილი:
ჩვენი ოჯახი არის დაჯილდოებული ყველაფერი იმით, რასაც ხელოვნება ჰქვია. როცა დედა ჩემს დას ასწავლიდა ფორტეპიანოზე დაკვრას, ვთამაშობდი, მაგრამ თურმე ამ ყველაფერს ვისმენდი. ეს ცოდნა დამიგროვდა ისე, რომ არავისთვის არაფერი მითქვამს და არც გამომიმჟღავნებია. 7-8 წლის ვიყავი, ერთ დღეს, დედა უკრავდა, თათია უნდა აჰყოლოდა დამის ნაცვლად ავყევი მე. დედაჩემის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან არ ელოდებოდა ამას. აქედან დაიწყო ჩემი აქტიური სწავლება. შემდეგ „მართვეს“ წევრი გავხდი, გამოვიარე სხვადასხვა ანსამბლი, მივიღე გამოცდილება, რომელმაც ამ ეტაპზე მომიყვანა. ხალხის და ჩემი ქვეყნის უდიდესი დამსახურებაცაა… იცით, როგორი კრიტიკული მსმენელი გვყავს, საქართველოში თავის დამკვიდრება ბევრ სირთულეს უკავშირდება, ჩემთვის ეს იყო გენეტიკური და ორგანული, უფრო დახვეწისკენ წავედი, ჩემთვის სხვადასხვა კარი გაიხსნა ხელოვნების სამყაროში, მხოლოდ ერთი კუთხით არა, მე თქვენ მიცნობთ კავკასიური მუსიკის და ფოლკლორის შემსრულებლად, ეს ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ არ ვიცი ჯარისკაცი, რომელსაც გენერლობა არ უნდა, არ ვიცნობ მომღერალს, რომელსაც დიდ სცენაზე დადგომა არ სურს, ამ დიდ სცენას თან ახლავს სხვადასხვაგვარი პროექტი თუ კოლაბორაცია. მეც ამ კუთხით დავიწყე მუშაობა.
დედა როგორ აფასებდა შენს შემოქმედებას?
დედა ყოველთვის კრიტიკულად აფასებდა, არასდროს მქონია მისგან შექება, მესაუბრებოდა კრიტიკულად, მაგრამ კარგი არასდროს უთქვამს. ერთადერთი სიმღერა, რომელზეც თქვა, მომწონსო, ეს იყო თეონა ქუმსიაშვილის „იორო“. არიან ადამიანები, ვინც არ იცის, მაგრამ ვიზრუნებ იმაზე, რომ ამ ადამიანის სახელი გაიგონ. ჩემი შემოქმედების ნაწილი მას ეკუთვნის. რაც შეეხება დედაჩემს, ის სულ ცდილობდა, რომ ჩემი შემოქმედება დაეხვეწა. მინდოდა, ის მეკეთებინა, რაც მას მოსწონდა, მაგრამ ყოველთვის არ გამომდიოდა. რაც მას სჭირდებოდა, იმდენი ვერ მივეცი თავის დროზე. ჩემი დედიკო ხუთი წელია, რაც გარდაიცვალა. ვცდილობ, რაც მე დავაკელი, ჩემი სითბო, სიყვარული, დღეს ჩავდო ამ ხელოვნებაში. ასეც ვიქცევი, ბევრი რამ მაქვს სასწავლი ამ სფეროში, გარკვეულ გამოცდილებას კიდევ შევიძენ…
10-11 წლის იყავი, როდესაც დედ-მამას ოჯახი დაინგრა… მამა წავიდა, დარჩით თქვენ, როგორ შეეგუე ამ ყოფას?
მამა მოქმედი სამხედროა, პოლკოვნიკია. დედა მუშაობდა წითელ ჯვარში. როდესაც დედისა და მამის ოჯახი დაინგრა, ამ ყველაფერს ვერ ვგრძნობდი, რადგან მამასთან ურთიერთობა არ დაგვიკარგავს, ეს მათი ცხოვრება იყო და ასე გადაწყვიტეს, ჩემთვის არავის უკითხავს. გარკვეული პერიოდი სამხედრო აკადემიაში ვსწავლობდი, არ დამიმთავრებია სრული კურსი, იმდენად მაღალი იყო მოწოდება ხელოვნებისადმი, იქაც ანსამბლი ჩამოვაყალიბე (იღიმის).
ბოლოს გადაწყდა, რომ ხელოვნების კუთხით უნდა წავსულიყავი. ჩვენი დიდი ბებია, თამარ ჯოხაძე იყო ძალიან მაგარი, ჩვენზე გაცილებით მაგარი მომღერალი. ძველ თბილისში იყო მედუდუკეთა დასტები, ხშირად მოდიოდნენ ვასო კენჭიაშვილთან, ჩემს დიდ ბაბუასთან, რომ თამარი წასულიყო და რომელიმე დასტაში ემღერა. არ ჰქონდა საშუალება, რომ ემღერა ფართო საზოგადოებისთვის. მაშინ ქალაქური სიმღერები მხოლოდ და მხოლოდ დუდუკებისა და არღნისგან შედგებოდა.
დათო, აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულება გაქვს აღებული, რატომ გადაწყვიტე, რომ ამ ჟანრში წასულიყავი?
ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის და საქართველოს შვილისთვის, ამ ჟანრის წარმომავლობა და ენერგია ძალიან დიდია, ვერც ერთ ჟანრში ვერ ვიპოვე ასეთი მდიდრული, ქარიზმატული ვიბრაციები. ჩვენს ქვეყანას აქვს უდიდესი განძი თავისი ფოლკლორის სახით. ძალიან ბევრი სიმღერა, რომელიც ჯერ კიდევ არ გაჟღერებულა, უდიდეს სკივრში ინახება. რომ წარმოიდგინოთ ბანკი, სადაც ოქრო დევს, ჩვენს ქვეყანაში ამ „ოქროთი“ თითქოს ცოტა ადამიანი სარგებლობს. მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ პირველი მე ვიყო და მერე სხვა. ძალიან ბევრ შემსრულებელსაც ვუსმენდი, კარგსაც და ცუდსაც. ანალიზი გავაკეთე და მივიღეთ ის ჟანრი, რომლითაც აქ ვარ, „ფორტუნა პლუსის“ ეთერში. ხომ პარადოქსულია? ფოლკლორზე უფრო ღირებული ჩვენს ქვეყანაში არაფერია. სხვადასხვა ჟანრის მიმართულებით ვიფიქრე და დავიწყე მათი გაერთიანება, მისადაგება. არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება, რომ თამამად განვაცხადო, ელექტრონული მუსიკისა და ფოლკლორის ნაზავი გავაკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამით. სხვა სივრცეში გადავედი ერთი ნაბიჯით და სხვა სივრცეს გავეცანი…
რთული იყო აქამდე მისვლა? შოუბიზნესი მაინც სხვა თემებსაც მოიცავს, რამდენად გაგიმარტივდა ამ რელსზე დადგომა?
უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჯერ იმ კუთხით, რომ შენი ქვეყნის განძს ეხები, იმავდროულად, მთავარი მიზანი და ამომავალი წერტილი ის იყო, რომ დღევანდელი თაობა, რომელმაც ფოლკლორი საერთოდ არ იცის და ეს დასანანია, გადავწყვიტე, მათთვის სხვა რაკურსით მეჩვენებინა ეს ჟანრი. გაიგებენ კახურ მრავალჟამიერს, „დაიგვიანეს“, მაგრამ ეს მოხდება საერთოდ სხვა ვიბრაციების ქვეშ. ჩემი აზრით, ეს არის ახალი სიტყვა, მივცემ თავს უფლებას, რომ ასე ვთქვა. ძალიან აქტიურად ვმუშაობ ამ საკითხზე, არა მხოლოდ ელექტრონული მუსიკის, არამედ სხვა ჟანრების მიმართულებითაც. რა საინტერესოა, როცა შენგან მხოლოდ „იოროს“ ელოდებიან და უცებ სხვა განზომილებაში აღმოჩნდები. არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ამაზე გაჩერება არ შეიძლება. გვაქვს რეჩიტატივისა და ფოლკლორის სინთეზი. რეჩიტატივისა და ფოლკლორის კოლაბორაციას მე და ჩემმა მეგობარმა დავარქვით ფოლკ-ჰოპი (იღიმის).
ხელოვანები ზოგჯერ გარკვეულ პერსონას უძღვნიან თავიანთ შემოქმედებას...
მიყვარს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩემი შემოქმედება, ალბათ უფრო სიყვარულზეა აგებული, ადამიანების სიყვარული იქნება, ქალის თუ სამშობლოში, არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ხელოვანისთვის სხვადასხვა ტიპის ინსპირაცია არსებობს. სასიყვარულო ჟანრს როცა ვმღერი, ჩემს ფანტაზიაში არსებობს ადამიანი, რომელსაც ვუმღერი, ის არ არსებობს, არ მინახავს. ალბათ, ილუზიაში ვარ და უფრო მეტ ენერგიას ვნახულობ. ის ჩემთვის არის მიუწვდომელი, ყოველთვის ასე უნდა იყოს და ალბათ, ეს უფრო მეტი ინსპირაცია იქნება ჩემთვის.
დათო, უამრავი კონცერტი გქონია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 7 მარტს მართავ სოლოკონცერტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც დედას ეძღვნება…
7 მარტს ტარდება კონცერტი, რომელსაც დედას ვუძღვნი. მინდა, ადამიანებს მოვეფერო, ჩავეხუტო და ლამაზი საღამო ვაჩუქო, რაც თბილ ვიბრაციებსა და დედასთან ასოცირდება. განსხვავებული კომპოზიციები, რაც თქვენთან მოვიტანე, იქ არ გაჟღერდება, გაჟღერდება ჩემი ტრადიციული რეპერტუარი. რა თქმა უნდა, იქნება ახალი კომპოზიციები, ოღონდ არა ელექტრონულ მუსიკაში, ჯაზსა თუ სხვა ჟანრებში. ყოველ წელს, ალბათ, სხვადასხვა ლოკაციაზე გავმართავ ამ კონცერტს, სხვადასხვა ქალაქში. ჩემთვის 3 მარტია საკრალური დღე, მაგრამ ამ დღეს არ გამოვიდა კონცერტის დანიშვნა, ავირჩიეთ შვიდი მარტი.