LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ქაცარავა: „მარიხუანა გავსინჯე მხოლოდ ერთი მიზეზით…“

630

სპორტსმენი, მსახიობი და ტელეწამყვანი დათო ქაცარავა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე საკუთარ აზრს მედიასთან ხშირად გამოთქვამს ხოლმე. მისი მოსაზრებები ზოგს მოსწონს, ზოგს – არა. ამის გამო ხშირად აკრიტიკებენ და აქებენ, დათო კრიტიკას ჩვეულებრივად ეკიდება და ფიქრობს, რომ ამის გამო საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისგან თავი არ უნდა შეიკავოს.

ახლახან „პროფილში“ მარიხუანის დეკრიმინალიზებაზე გამოთქმული მისი მოსაზრება სოცქსელებში პოპულარობით სარგებლობს. დათოს „ამბასადორში“ შევხვდით და სხვადასხვა თემაზე ვესაუბრეთ, მათ შორის, ამ ცნობილ გამოსვლაზეც.

ბოლო თქვენი გამოსვლა, მარიხუანასთან დაკავშირებით, დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტში. ცნობილ ადამიანებს შორის ამ კუთხით უმცირესობაში ხართ?

სამწუხაროდ, კი (იღიმის). არ ველოდებოდი, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა სოცქსელში ჩემს პოზიციას, განსაკუთრებით შემაჯამებელ სიტყვას. მე ვეწინააღმდეგები მარიხუანას დეკრიმინალიზებას. გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა მივიდეთ აქამდე, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ვინც ამისთვის იბრძვის, საკუთარი კომფორტისთვის აკეთებს ამას და არ აინტერესებს მომავალი თაობები. მათ ცნობიერებას ვერ შევუცვლით, მიდის მარიხუანას რომანტიზება და ხაზს უსვამენ, რომ ეს თურმე სასარგებლოა. არ მიმდინარეობს საუბრები იმაზე, რომ მარიხუანა არის ნარკოტიკი და ცუდია მისი მოხმარება. დღეს ჩემი პოზიცია იმიტომაა ასეთი ხისტი, რომ მეშინია მომავალი თაობების გამო. ისინი უსმენენ ცნობილ სახეებს, რომლებიც ხშირად მათი ავტორიტეტები არიან და სჯერათ მათი. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ მარიხუანა არ არის კარიბჭე უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ… ჩვენ მოვდივართ 90-იანი წლებიდან და ძალიან კარგად ვიცით, რა და როგორ ხდება. იმ შემთხვევაში დავდგები მათ გვერდით, ვინც დღეს მარიხუანას პოპულარიზებას უწევს, როცა ისინი თავად ჩაებმებიან ანტინარკოტიკულ პროპაგანდაში. ახლა გვიყურებენ ახალგაზრდები და არ იციან, რომელ ჩვენგანს დაუჯერონ. ციხისთვის არავინ მემეტება, მაგრამ დღეს საზოგადოება დეკრიმინალიზებისთვის არ არის მზად.

თავად გაგისინჯავთ მარიხუანა?

მაქვს გასინჯული და გავსინჯე ერთი მიზეზით – რომ მცოდნოდა, რას ვებრძვი. მამაჩემმა კარგად ამიხსნა, რა მავნებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის თუნდაც სიგარეტს, მარიხუანას რომ თავი დავანებოთ. სიგარეტი მხოლოდ ფილმებში მომიწევია. მარიხუანას გარდა, სხვა ნარკოტიკს არც გავეკარები. უბრალოდ, მას იმხელა პოპულარიზაციას უწევდნენ, რომ მაინტერესებდა, რა იპოვეს ამაში. გასინჯე და მიხვდებიო. გავსინჯე და ვერაფერს მივხვდი. მარიხუანას ჩემთვის პლაცებოს ეფექტი აქვს. ხშირად მათზე კარგ განწყობაზე ვარ, ვინც ეწევა. რა განწყობითაც მოწევ, იმ განწყობაზე გაყენებს. ჩემი აზრით, არაფერშია საჭირო. ამაზე არ ვსაუბრობთ, ახლა ვსაუბროთ იმ საფრთხეებზე, რაც დღეს დგას საზოგადოების წინაშე.

სოცქსელში ისმის გამონათქვამები თქვენი პოზიციის მქონე ადამიანების მისამართით, რომ ეს არის სიბნელე…

მაშინაც „ბნელი“ და „გაუნათლებელი“ ვარ, როცა გამოვდივარ ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ. ეს არ მაინტერესებს. მე სულ ვსვამ შეკითხვას – დეკრიმინალიზების შემთხვევაში დიდი ჯარიმების მომხრე ხართ? არა, არც ამაზე არიან თანახმა, მათთვის მნიშვნელოვანია, თავად მოწიონ კომფორტულად და არაფერზე თანახმა არ არიან, უნდათ, გახსნან გზა ნარკოტიკებისკენ, ჯარიმაც არ აწყობთ, არც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობით დაკავება. თავს იმშვიდებენ რაღაც კვლევებით, რომლებიც ამბობს, რომ მარიხუანა კურნავს კიბოს. სინამდვილეში არანაირად არ კურნავს. ამის საპირწონედ შესაძლოა, დაიდოს კიდევ უფრო მეტი ავტორიტეტული კვლევა, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. როცა ვამბობ, დეკრიმინალიზების შემთხვევაში, ბარიგები მაინც დავიჭიროთ-მეთქი, არაო, მერე საიდან ვიყიდოთ მარიხუანაო?!.

ზრდასრული ადამიანი რასაც უნდა, იმას რომ გააკეთებს, ეს არ არის არგუმენტი თქვენთვის?

ორღერძულა ხაზის გადაკვეთა მინდა, ზრდასრული ადამიანი ვარ, გადავკვეთო? დავჯდე საჭესთან ნასვამი? ამ ლოგიკით რომ მივყვეთ, არასწორ გზაზე დავდგებით. ჩემ თავს რასაც მინდა, იმას გავუკეთებ – ასე მარტივად არაა საქმე. მაშინ ღვედსაც ნუ გავიკეთებ, მე ვარ მანქანაში, მინდა მოვკვდები, მინდა – არა… აბსოლუტური თავისუფლება სრულ ქაოსს წარმოქმნის.

ვახსოვს „იმედის დილიდან“ ჰომოფობიური განცხადებების გამო, სალომე გოგიაშვილთან ერთად, სამსახურიდან გაგათავისუფლეს… დღეს როგორ უყურებთ ამ ამბავს?

დღეს კიდევ უფრო მეტად ვიაზრებ. ელტონ ჯონზე და მის შვილებზე ჩემს განცხადებას ახლაც გავიმეორებდი, სალომეს ნაცვლადაც ვიტყვი ამას, რომ არ გვშურს ამ ბავშვების, მიუხედავად იმისა, რომ ელტონ ჯონის შვილები არიან. ვფიქრობ, ორი მამა არაბუნებრივი მოვლენაა. დღეს ისე განვითარდა მსოფლიოში მოვლენები, რომ მათ არავინ არაფერს უშლის, პირიქით, აზრის გამოხატვის უფლებასაც გვართმევენ მათთან მიმართებაში. როგორც კი გამოთქვამ ნეგატიურ აზრს, შენ ხარ ფაშიტი, ნაცისტი და ბნელი. საკმაოდ ბევრ ევროპულ ქვეყანაში, როგორც კი იტყვი, რომ არ მოგწონს ისინი, სასამართლოში გიბარებენ. ძალიან არ მინდა, რომ საქართველოში დაგვიდგეს ასეთი დღე. თუმცა ჩვენ, მე და სალომე უკვე ვიყავით ამის პირველი პრეცედენტი. არადა, მე და სალომეს არავისთვის არაფერი მოგვიწოდებია, გამოვთქვით აზრი და ამის გამო გაგვათავისუფლეს. მგონია, სექსუალურ უმცირესობებს არავინ ებრძვის და ქართულ საზოგადოებაში კომფორტულად გრძნობენ თავს. ჩემი აზრით, ლოიალურობა უნდა დასრულდეს იქ, სადაც იწყება ჩვენი უფლებების დარღვევა. შეგვიძლია მშვიდი თანაცხოვრება და ვერავინ დამწამებს, რომ მოწოდებებით გამოვდივარ. მე ჩემი აზრი მაქვს, რომელსაც თავისუფლად გამოვხატავ. არავინ უვარდება მათ სახლში, რაც გაუხარდებათ, აკეთონ. როგორც კი პროპაგანდასა და პოპულარიზაციას დაიწყებენ და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე დაიწყებენ საუბარს, შეხვდებათ წინააღმდეგობა და მე პირველ რიგებში ვიქნები. ამის შემდეგ იქნება ბავშვების აყვანის მცდელობა, რაც ჩემი აზრით, ბავშვის ფსიქიკისთვის დამანგრეველია.

როცა ჰომოფობს გიწოდებენ, რა რეაქცია გაქვთ?

მოწინააღმდეგე ვარ იმ ტენდენციების, რის დამკვიდრებასაც ისინი ცდილობენ. კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. შეიძლება ითქვას, რომ მე საქართველოში ყველაზე დიდი ჰომოფობი ვარ (იღიმის).

სოცქსელში კრიტიკაზეც არ რეაგირებთ?

„ფეისბუქის“ „ლომები“, რომლებიც სოცქსელში თამამად დაგიწერენ ყველაფერს… მათ არასდროს ვპასუხობ იმ ტონალობაში, რასაც ისინი იყენებენ, ვთავაზობ, პირადად შემხვდნენ და იგივე გამიმეორონ. იმდენად შეურაცხმყოფელ რაღაცებს წერენ, ამაზე სიტყვით პასუხს ვერ დავუბრუნებ (იღიმის). პირადად რომ მიაყენო ადამიანს ისეთი შეურაცხყოფა, რასაც ისინი გაყენებენ, შეუძლებელია. არ არის სწორი „ფეისბუქზე“ ასე ჭიდაობა, პოლემიკა – კი ბატონო, მაგრამ ზღვარს არ უნდა სცდებოდე. სიმართლე რომ ვთქვა, ამაზრზენები არიან, ისეთ რაღაცებს წერენ. ამაზე არც ვნერვიულობ. მჯერა, რასაც ვამბობ და მწამს ჩემი პოზიციის და ასე გავაგრძელებ.

თქვენი მეუღლე, სოფოც, ასე მშვიდად აღიქვამს?

უფრო აქტიურად არის ჩართული და შედის პოლემიკაში, როცა ცდილობენ, შეურაცხყოფა მომაყენონ და იზიარებს ჩემს მოსაზრებებს. დარწმუნებული ვარ, რომ არ იზიარებდეს ჩემს პოზიციას, ასე მძაფრად არ დამიდგებოდა გვერდით. მე და სოფოს სრული ჰარმონია გვაქვს…

დათო, ახალ ფილმში არის სიგარეტის მოწევის სცენა?

(იღიმის) შესაძლოა, არ მოვწიო, მაგრამ იქნება გაუპატიურების სცენა, რომელიც მე უნდა შევასრულო… საძაგელ ადამიანს ვთამაშობ. გადაღებები დაიწყება 15 აპრილს. რეჟისორი გია კაჭარავა გახლავთ. ამ პროექტმა გაიმარჯვა კინოცენტრის კონკურსში. მეც ვარ ჩართული ფილმში, როგორც ერთ-ერთი პროდიუსერი და ძალიან მიხარია. დიდი შემართებით ვემზადებით გადაღებებისთვის. ფილმის სახელწოდებაა „კაცი“.

ვამზადებთ შემდეგ პროექტებსაც, ერთ-ერთია „მაქცია“, საინტერესო კონცეფციას შევთავაზებთ მაყურებელს.

სპორტულ აქტივობებში რა სიახლეებია?

წელს ტარდება ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში, რომელიც საქართველოში გაიმართება. ამით დავასრულებ ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის კარიერას, ამ ეტაპზე. ავირჩევთ ახალ პრეზიდენტს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. კანონმდებლობა არ გვაძლევს უფლებას, რომ პრეზიდენტმა ზედიზედ დაიკავოს ეს თანამდებობა. ახლა ვემზადები კანოეს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის, სადაც დამიპირისპირდება პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე, თუმცა ვფიქრობ, რომ მის დამარცხებას სპორტში შევძლებ, ის, ალბათ, ჯანდაცვის სფეროში დამჯაბნიდა (იღიმის).

ბოლოს მინდა გკითხოთ, ბევრი წელია, სექსუალური მამაკაცების სიაში ხართ…

ერთ-ერთ ბოლო რეიტინგში არ აღმოვჩნდი და ეს გახდა ნოე სულაბერიძის საყვარელი თემა, რომელსაც ჩვენს გადაცემაში „ვკენწლავდით“. სანამ ვხვდებოდი ამ რეიტინგებში, არაფერი განსაკუთრებული საიდუმლო არ მქონია. ვარ ის, ვინც ვარ და თუკი ვინმეს მოვწონვარ, მხოლოდ მიხარია. ვცხოვრობ ჯანსაღად. რეცეპტი ნამდვილად არ მაქვს – ვარ ას კილოზე მეტი, ჭაღარა და მელოტი და ესაა ჩემი რეცეპტი (იცინის).

untitled-3

გადაღების ადგილი: „ამბასადორი თბილისი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g