„ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი დათუნა მგელაძე იყო, რომელმაც საკუთარ კარიერაზე, პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
– როგორ შეხვდი ახალ წელს?
– როგორც წინა წლებში კონცერტზე ვიყავი ამჯერადაც, ე.წ. ცენტრალურ კონცერტზე.
– საახალწლო კონცერტებით მუდამ იყავი დაკავებული?
– ცენტრალურ კონცერტებზე სულ ვმონაწილეობ, თუმცა მარტო ჩემი აზრი არ არის, რომ შარშან გაცილებით დატვირთული ახალი წელი გვქონდა.
– 2017 წელს როგორ შეაჯამებდი, როგორც მომღერალი?
– ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის. მქონდა ევრო ტურნე, გადავიღე სამი კლიპი, ექვსი სიმღერა ჩავწერე. ალბათ ეს ნორმალურზე კარგი შედეგია. იმედი მაქვს, 2018 წელი უკეთესი იქნება.
– ჩემი გადაცემის მეკვლე ხარ… ზოგადად, ამ საახალწლო ტრადიციის თუ გჯერა?
– მთელი ბავშვობა მეკვლე ვიყავი, ამბობდნენ, რომ კარგი ფეხი მაქვს. ზოგადად, რასაც დაიჯერებ, იმისი გჯერა.
– სახლში ფუსფუსი თუ გეხერხება?
– არა, ერთადერთი ჩემი დანიშნულება ღვინის ჩამოსხმაა, კულინარიისგან შორს ვარ.
– ყველაზე ორიგინალური ახალი წელი როდის გქონდა?
– როდესაც დიდ სცენაზე გავედი და ჩავერთე შოუ-ბიზნესში, როდესაც დამეწყო რეპეტიციები, გადაღებები, პირველად ეს ყველაფერი ყველაზე გამორჩეულად მახსოვს. ეს იყო 2009 წელს, თავისუფლების მოედანზე, ისევ და ისევ ცენტრალურ კონცერტზე.
– ოჯახი როგორ ეგუება იმ ფაქტს, რომ სახლში არ ხვდები ამ დღესასწაულს?
– მშობლისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ის მგონია, როდესაც შვილი რეალიზებულია. ხვდებიან, რომ ეს ჩემი საქმე და პროფესიაა და შესაბამისად, ეგუებიან მარტივად.
– რა ასაკიდან მღერი?
– 4-5 წლის ასაკიდან უკვე ვიცოდი, რომ ამ სფეროში უნდა ვყოფილიყავი. მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. 5 წლის ფილარმონიაში გამოვედი და იმ მომენტიდან „მოვიწამლე“.
– ბიზნესით ხარ დაკავებული… მოგვიყევი.
– ეს ბიზნესი ამ დროისთვის შეჩერებულია, მქონდა აქსესუარებისა და სხვადასხვა ნივთების ხაზი მოსკოვში, მაგრამ დღეს აქ ვარ და ეს საქმე დროებით შეჩერებულია, თუმცა ვაპირებ, რომ აუცილებლად განვაახლო.
– შენი ერთ-ერთი კლიპი პრაღაში გადაიღე, რატომ მაინცდამაინც პრაღა?
– ყველაზე ხშირად ჩავდივარ ჩეხეთში, როგორც კი ამისი საშუალება მეძლევა. არამარტო პრაღაში, კარლოვი ვარი ჩემი საყვარელი ქალაქია. ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ასმათ შანავამ შემომთავაზა კლიპის გადაღება და მეც დავთანხმდი.
– კონკურსების ბევრი მონაწილე პროექტის დასრულების შემდეგ ქრება. შენ როგორ შეძელი, რომ სულ ჩანხარ?
– არ უნდა გაჩერდე, სულ უნდა იმოძრაო და შექმნა რაღაც. ნუ დასხდებით სახლში და ნუ დაკარგავთ დროს! – ეს იქნება ჩემი რჩევა ყველასთვის. სიმღერას თუ არ ჩაწერ პროექტის დამთავრების შემდეგ, აზრი არ ჰქონია მანამდე არაფერს, რადგან ნებისმიერი კონკურსი დროებითი პოპულარობაა, რომელიც ძალიან მალე რჩება.
– რამდენი სიმღერა გაქვს ჩაწერილი?
– ძალიან ბევრი, პლუს ამას დუეტებიც.
– შეყვარებული თუ ხარ?
– არა. გადაწყვეტილების სტადიაში ვარ, არსებობს ერთი კონკრეტული ადამიანი, თუმცა მას კონკრეტულ სტატუსს ვერ მივანიჭებდი.
– როგორია შენთვის სასურველი ქალი?
– ვიზუალს აქვს მნიშვნელობა, თუმცა რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ბევრად მნიშვნელოვანია ის, რომ უნდა ვუყვარდე.
– რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?
– ეს არის ჩემი სახლი.
– რომელ ცნობილ ადამიანს გაიცნობდი პირადად და რა კითხვას დაუსვამდი?
– ბევრი კითხვები მაქვს ასტრონავტებთან. NASA-ს წარმომადგენლებს გავიცნობდი, მაინტერესებს, მართლა ესეთი საოცრება ხდება ზემოთ? რაც შეეხება მუსიკოსებს, მაიკლ ჯექსონს გავიცნობდი პირადად.
– როგორი იყო შენთვის ეს ერთი საათი?
– ძალიან კარგი და საკმაოდ მალე გავიდა დრო. დიდი მადლობა ჩემი მოწვევისთვის.
– წარმატებებს გისურვებ.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი