LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათვი ახალქალაქის სოფლებს თავს დაესხა, სკები დააზიანა და თაფლი შეჭამა

133
დათვისკები

ახალქალაქის სოფლებს თავს დათვი დაესხა. დაზიანებულია ათობით სკა. ინფორმაციას Jnews ავრცელებს.

სოფელი ხავეთის მოსახლეობა ამბობს, რომ ეს თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.

ლიპარიტ პეტროსიანის თქმით, მისი ოჯახის კუთვნილი სკები სახლიდან მხოლოდ სამი მეტრის მოშორებით დგას. დათვმა თაფლი სამი სკიდან შეჭამა, რამდენიმე კი დააზიანა.

„დილით აღმოვაჩინეთ წაქცეული და დამტვრეული სკები. თაფლის ნაწილი შეჭმული იყო და ნაკვალევით მივხვდით, რომ დათვის თავდასხმის შედეგი იყო. შევეცადეთ ნაკვალევს გავყოლოდით, მაგრამ დავკარგეთ. დათვი სავარაუდოდ 300–400 კილოს მაინც იწონიდა“,- ამბობს დაზარალებული და აღნიშნავს, რომ ზარალი 500 ლარზე მეტია, რისთვისაც მან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის მიმართა.

„დათვის მოკვლა 50 ათასი ლარის ჯარიმას ითვალისწინებს. თაფლი ჩემი ოჯახისთვის საარსებო საშუალებაა. არავინ მოსულა ჩვენთან. მერიიდან სურათების გადაღება და გაგზავნა გვთხოვეს და გავუგზავნეთ“,–აცხადებს ის.

დათვი თავს დაესხა სოფელ კარწახში მცხოვრები ბაგრატ მოსოიანის სკებსაც, რის შედეგადაც განადგურდა სამზე მეტი სკა, ფუტკარი კი დაიხოცა. მისი თქმით, ზარალი 1000–1500 ლარს შეადგენს.

„25 სკა მაქვს ჯამში. 65 წლის ვარ და ასეთი რამ დღემდე არ მახსენდება. მე არ დამინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ დათვი თავის ბელებთან ერთად იყო. მე იმის მეშინია, რომ მომავალში შესაძლოა საფრთხე მოსახლეობასაც დაემუქროს. ჩვენი უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომები უნდა იქნას მიღებული, რადგან დათვი შესაძლოა ნებისმიერ დროს დაგვესხას თავს“,–ამბობს ბაგრატ მოსოიანი.

მოსოიანების ოჯახს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისთვის კომპენსაციის თხოვნით ჯერ არ მიუმართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g