“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტი სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს და რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმედებები გენოციდად აღიაროს.
გოცირიძის თქმითვე, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნონ მოწვევა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა გამოვიდეს საქართველოს პარლამენტში:
“საქართველოს პარლამენტი იქცევა სამარცხვინოდ, ერთ-ერთი პირველი შეიძლება ვყოფილიყავით, სადაც გამოვიდოდა ზელენსკი და მიმართავდა მოსახლეობას.
ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის მარიონეტი ტელეფონზეც კი არ ელაპარაკება უკრაინაში თავის კოლეგას. ზელენსკის აქ ჩართვა იქნებოდა ქვეყნისთვის ღირსების საკითხი, არავის შესახვეწი არ აქვს, რომ პარლამენტში გამოვიდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინიდან გვსაყვედურობენ, რომ ტრიბუნას არ ვუთმობთ ადამიანს, რომელიც დღეს მსოფლიოში არის ბოროტებასთან ბრძოლის ლიდერი ისევე, როგორც სამარცხვინო იყო გუშინდელი განცხადებები, გერმანიაში 180 კაცი დააჯარიმეს Z-ის სიმბოლოს გამოყენებისთვის და ამის არ აკრძალვას იმ არგუმენტით ამართლებენ – “აბა, ფილმი “ზორო” არ გავუშვათო?”
დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი და აღიაროს გენოციდად რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში ისევე, როგორც ეს მოხდა ბალტიის ქვეყნებში და მოხდება ბევრგან და ჩვენ ისევ ვიქნებით ჩირგვებში სამარცხვინოდ დამალული ამ ხელისუფლების და ამ პარლამენტის ხელში. დაუყოვნებლივ უნდა გავუგზავნოთ მოწვევა ზელენსკის, რათა გამოვიდეს საქართველოს პარლამენტში და მაშინვე უნდა იქნეს აღიარებული უკრაინაში რუსეთის სისასტიკე გენოციდად”, – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ომი უკრაინაში გენოციდად აღიარეს ესტონეთმა და ლატვიამ.
ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინაში შეფასებულია, როგორც გენოციდი.