LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბაგრატიონმა საქართველო დატოვა

328
დავით-ბაგრატიონ-მუხრანელი

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომლის წინააღმდეგაც ყოფილ ცოლზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე, შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ქვეყანა დატოვა.ამის შესახებ  მისმა ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატი ამბობს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გვიან ღამით გაემგზავრა მადრიდში, ესპანეთში. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ბაგრატიონ-მუხრანელის დედა გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ჩემი რწმუნებულის დედას გუშინ ღამით მოუვიდა გულის შეტევა, რაც გაიგო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. იგი იქნა ჰოსპიტალიზებული. პრაქტიკულად, ძლივს არის გადარჩენილი,”- ამბობს ლევან ჩხეიძე.

მისივე თქმით, იმის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ნამდვილად ცუდად არის, მალე გაასაჯაროებენ.

„როგორც კი ჩავა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ესპანეთში, სამედიცინო დოკუმენტაციას კლინიკიდან გადმოგვიზავნის და ჩვენ გავასაჯაროებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ლევან ჩხეიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ დაკითხვაზე დაბარებული არ ყოფილა, ასევე ქვეყნის დატოვების შესახებ მას გამოძიებისთვის არ უცნობებია.

„ამაში უკანონო ქმედება არ ყოფილა. ბატონ დავითი არ იყო ძებნაში. მის მიმართ არანაირი ბრალდება არ არის ოფიციალურად წარდგენილი. შესაბამისად, საზღვრის გადაკვეთა თავისუფლად შეძლო”, – აცხადებს ლევან ჩხეიძე.

რაც შეეხება იმას, საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდება თუ არა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოკითხვაზე, ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციის სამმართველოში მიმავალ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „ვერავინ ნახავს“.

“ჩვენი მოწინააღმდეგე მხარისგან განსხვავებით, ჩვენ მხარეს არ დაუკარგავს თავმოყვარეობა. სცენარს, როგორ ადის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქალაქის პოლიციის სამმართველოში, ჩვენი მოსახლეობა ვერ ნახავს. ეს სცენა არ დაიდგმება, რადგან ეს არის ცილისწამება, შეურაცხყოფა და აღნიშნულს ადგილი არ ექნება”, – აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.

მისივე განცხადებით, მოწინააღმდეგე მხარე ცილიწამებაზე გადავიდა, რადგან მიხვდა, რომ „სისხლის სამართლებრივი შედეგი ვერ დადგებოდა“, სწორედ ამიტომ ჩნდება მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ახალი ბრალდებები.

 აღნიშნული წარმოადგენს სიცრუეს და ეს ბრალდება ისევე გაიფანტება, როგორც ყველა სხვა ბრალდება გაიფანტა. არანაირ თავისუფლების აღკვეთას ქალბატონი ანას მიმართ ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულს ირიბად თვითონაც ადასტურებს, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, მძღოლთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. აქედან გამომდინარე, კიდევ გაურკვეველია, 7 საათი იკითხებოდა ქალბატონი ანა ქალაქის სამმართველოში, პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, ასეთი გამოთქმაა, რომ „პასტა“ და ფურცელი ვერ გააგდებინეს ხელიდან. 7 საათი მათ სულ არ უცხოვრიათ ერთად, პრაქტიკულად და რას წერს ქალბატონი ანა ამდენს ძალიან საინტერესოა“, – განაცხადა ჩხეიძემ.

თბილისის მთავარ სამმართველოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი საგამოძიებო უწყებას ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან შესაძლო ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით აძლევს ჩვენებას.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა თბილისის მთავარ სამმართველოში 2 აპრილს დაიწყო.

პოპულალურები