LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბაქრაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თვეების განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს ევროპარლამენტში, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი არ მიეღო

239
დავით ბაქრაძე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თვეების განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს ევროპარლამენტში, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი არ მიეღო.

როგორც ბაქრაძემ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირდაპირი ჩართვის დროს აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოპონენტებთან ბრძოლა, გარკვეულწილად, სახელმწიფოსთან და საკუთარ ხალხთან ბრძოლად გადაიქცა.

„გამოიკვეთა, რომ ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ. ყველა ამ შეხვედრაზე ევროპარლამენტარები იყო, კომისიის წარმომადგენლები თუ ექსპერტები, ყველა გამოხატავდა იმ პოზიციას, რომ აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელი იყო, როგორ შეიძლება იმ პერიოდისთვის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა პროევროპული განვითარების ძალისხმევის მხარდაჭერა, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო, ქვეყნის მოსახლეობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, როგორც არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. პარტიული დაპირისპირება ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, დიპლომატებისთვის სრულიად გასაგებია, ეს ბუნებრივი პროცესია, ოპოზიცია ინსტიტუციური დემოკრატიისთვის, ზოგადად, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ხელისუფლების ნაწილადაც მოიაზრება, რომლის როლიც ცხადია, მნიშვნელოვანია იმ პროცესებში და იმ განვითარების გზაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. რასაკვირველია, ევროინტეგრაცია ჩვენი მოსახლეობის გეოპოლიტიკური არჩევანია. ვერ მალავდნენ გაკვირვებას, აღშფოთებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა, ანუ მათ ოპონენტებთან ბრძოლა, გარკვეულწილად, სახელმწიფოსთან და საკუთარ ხალხთან ბრძოლად გადაიქცა“,- განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების გადადების ინიციატორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი „ევროპის სახალხო პარტია“, რომლის პრეზიდენტი ჯოზეფ დაული იმ პერიოდში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას მოსანახულებლად ციხეშიც იმყოფებოდა.

„ამ პერიოდისთვის მჯავრდებულებს ხვდება, ვიზიტის დროს ვისაც შეხვდა იყო მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა და ასევე, გაიმართა შეხვედრა „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს არის პერიოდი, როდესაც სასწორის პინაზე დევს ჩვენი ხალხისთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში. გადაწყვეტილების ერთი ნაწილი გადის ევროპარლამენტზე, ანუ პოლიტიკოსებზე. ჩანს, ამ განცხადების უკან მათი პარტნიორი პარტიის მხარდამჭერის სურვილი, რომ ძალისხმევა, რომელიც მთავრობას ჰქონდა, შედეგში არ გადაითარგმნოს და ეს მმართველი პარტიის გაძლიერებაში არ აისახოს“. – განაცხადა ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g