დავით გარეჯა არის ქართული მიწა და თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საპატრირქოს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 23 სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დავით ხიდაშელის მიერ სამინისტროსთვის გადაცემული კარტოგრაფიული რუკები გააცნო.
„რა იცის საპატრიარქომ რუკებთან დაკავშირებული ახალი გარემოებების შესახებ?
2020 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და მღვდელმთავრებს შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად.
თავდაცვის მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქს გააცნო ბოლო დროს მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა, კერძოდ, ის დოკუმენტაცია, რომელიც ბატონმა დავით ხიდაშელმა სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა და შესაბამის უწყებებში მოიპოვა და საქართველოში ჩამოიტანა. ასევე შესაბამისი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნებიც.
მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დავით გარეჯთან მიმართებაში გამწვავებული ურთიერთობის გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არაერთი განცხადება გააკეთა და წერილობითაც მიმართა აზერბაიჯანის სულიერ ლიდერს, ასევე სთხოვა ჩვენს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სულიერ-კულტურული ცენტრი და დიდი სიწმინდე ვინმესთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო.
ამიტომც, ბუნებრივია, ჩვენც გადმოგვეცა მოპოვებული რუკების ასლები, რაც მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიგვაჩნია.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენ არ ვიჭრებით სამართლებრივ სფეროში. ეს ჩვენი თემა არ არის. თუმცა, ზოგადად, ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ დავით გარეჯა არის ქართული მიწა და თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე.
დღეს, არჩევნების წინ, ამ თემის წინ წამოწევა ეკლესიას საერთოდ არ უკავშირდება. ჩვენი მხრიდან სათქმელი ითქვა მაშინ, როდესაც ფაქტების დამადასტურებული დოკუმენტები მივიღეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ცნობით გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა თავდაცვის სამინისტროდან მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.
15 ოქტომბერს, „კარტოგრაფების საქმეზე” ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.