გადაცემის სტუმარი მომღერალი დავით კალანდაძე იყო. საუბარი მისი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ წარიმართა.
– საქართველოდან დაახლოებით 20 წლის წინ წახვედი, როდესაც იყო დიდი არეულობა. როგორც ცნობილია, პროფესიით ხარ არქეოლოგი…
– პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არ გავქცეულვარ 20 წლის წინ. მახსოვს ის დრო და გაჭირვება და იძულებული ვიყავი ოჯახი მერჩინა და ჩემი წასვლა სწორედ ამასთან იყო კავშირში. მე თბილისელი ვარ და თბილისელად დავრჩები ყოველთვის. არქეოლოგია ჩემი პროფესიაა კი, ბავშვობიდან ვმონაწიელობ ექსპედიციებში, მამაჩემიც ამ სპეციალობის არის. სხვათაშორის, იმ დროს, როდესაც საქართველოდან წავედი არც მეცნიერებათა აკადემია მუშაობდა, შესაბამისად, ჩემდა სამწუხაროდ მოსკოვში წასვლა გარდაუვალი იყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც რეალიზაციისთვის არანაირი საშუალება არ არსებობდა. მე რომ მიყვარს საქართველო, არც ვიცი, უყვარს თუ არა ვინმეს ასე.
– რამდენი წლის იყავი, როდესაც საქართველო დატოვე?
– 23 წლის ვიყავი, როდესაც წავედი, უნივესრიტეტის დამთავრებისთანავე.
– არ შეგეშინდა მარტო ამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დარჩენა?
– არა, როდესაც იცი, რომ უკან დიდი ოჯახი გაქვს, რომლებიც შენს იმედზე არიან, შიშის დრო არ არის. ეს ასაკი არასოდეს დამავიწყდება. მე ვფიქრობ, რომ 20-დან 25 წლამდე ადამიანი რევოლუციური სულისაა. ამ დროს ყველაზე ნაკლებად გეშინია საკუთარი თავის გამოცდა. მეც ასე ვიყავი.
– მშობლები როგორ შეხვდნენ ამას?
– დედას ყველაზე მეტად გაუჭირდა მაშინაც და დღესაც ასე, შორს ვარ. ყველანაირად ვცდილობ, რომ ხშირად ვნახო, ყოველ წელს ჩამოვდივარ.
– რა იყო რუსეთში ჩასვლის შემდეგ?
– ძალიან რთულია ამხელა მოსკოვში მარტოდმარტო დარჩენა. მანამდე ძალიან დიდი წარმოდგენა მქონდა ჩემს თავზე. მეგონა, რომ ყველაზე მაგრად ვმღეროდი, ქართველი კაცის ბუნებაა, გგონია, რომ მოსკოვს თვალის დახამხამებაში გადააბრუნებ, მაგრამ იქ მილიონობით შენისთანა მაჩოა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული. კონკურენციაა ძალიან დიდი, მაგრამ, ისე არ გამჭირვებია, როგორც ბევრ ჩემნაირად ჩასულს, ძალიან გამიმართლა. არ დავნებდი ცხოვრებას.
– ვინ გაამართლა მოსკოვში შენი იმედები?
– აქედან მე წავედი ჩემს როკ-ჯგუფთან „Sky end“ ერთად, იქ რამდენიმეგან დავუკარით, მაგრამ მალევე ჯგუფიდან ორი ადამიანი უკან დაბრუნდა და ამ იდეამ დიდხანს ვერ გაამართლა. ამის შემდეგ დამიკავშირდნენ პროდიუსერებმა და მითხრეს, რომ მე დიდ სცენაზე უნდა ვმდგარიყავი. რუსეთში პროდიუსერის გარეშე ვერაფერს მიაღწევ, მეც მალევე გამომიჩნდა ჩემი პროდიუსერი, რომელიც შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა. ის არის ერთადერთი ქალი და ერთადერთი პროდიუსერი, რომელსაც მე ვუჯერებ. ყველგან ერთად ვართ.
– რა კონტაქტები აქვს მას?
– სიმართლე, რომ გითხრათ, არც მე და არს მას არანაირი კონტაქტები არ ჰქონია. დღეს მას უკვე ძალიან ბევრი იცნობს, ბევრი მომღერალი ურეკავს და მის პროდიუსერობას სთავაზობს, თუმცა, ის ყველას უარს ეუბნება, რადგან მხოლოდ ჩემი პროდიუსერია.
– როგორც ვიცი, გყავდა პირველი მეუღლეც… ქართველი იყო?
– არა, ისიც რუსი იყო. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მეშინია ქართული ოჯახების, თავისებური წესები აქვს, რასაც არ ვეთანხმები.
– რამდენ ხანს გასტანა პირველ მეუღლესთან თანაცხოვრებამ?
– მე საკმაოდ ერთგული ვარ. ორჯერ მქონდა სერიოზული ურთიერთობა, ორივესთან 5-5 წელი, მეორე ცოლთან უკვე მეექვსე წელი დაიწყო…
– დათო, როგორც ვიცი, მეგობრობ რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერლებთან. თუ ხვდებით ხოლმე ერთმანეთს და როგორია მათთან ერთად გატარებული ერთი დღე?
– დაბადების დღეებზე, ქორწილებში, კორპორატიულ საღამოებზე ბუნებრივია, ვხვდებით ერთმანეთს, თუმცა რაღაც განსაკუთრებული „მაფია“ არ გვაქვს. ძალიან ახლოს ვმეგობრობ გიგა კვენეტაძესთან, საქმიანი ურთიერთობაც გვაქვს. ქეთა თოფურიას ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, თავისუფალი დრო არ აქვს და იშვიათად ვხვდებით.
– შენ თუ ხარ დატვირთული?
– ადრე უფრო იყო. ახლა, მოგეხსენებათ ყველგან კრიზისია, მათ შორის რუსეთშიც, სამწუხაროდ ასეა და ვერ დავიტრაბახებ. კვირაში საშუალოდ მაქვს ერთი კონცერტი.
– საკუთარი სტუდია თუ გაქვს?
– არა, მე სხვასთან ვწერ. საკუთარი რომ მქონდეს და წელიწადში ორი სიმღერა ჩავწერო და ამხელა აპარატურა შევინახო, სისულელეა. როდესაც მჭირდება, ვქირაობ და ასე უფრო იაფი გამომდის.
– როგორია ჟურნალისტების დამოკიდებულება შენს მიმართ? ხარ თუ არა მოთხოვნადი პერსონა?
– ამჟამად უფრო მეტად ტელევიზიები ინტერესდებიან ჩემით. სულ გადაღებები მაქვს. ბოლო დროს სკანდალურიც გავხდი, იმიტომ, რომ პირდაპირ ვიცი შენიშვნის მიცემა და ამის გამო ხშირად მიწვევენ ამა თუ იმ შოუში.
– ცნობილ ადამიანებთან თუ გიცდია დუეტის ჩაწერა?
– დუეტი ჩავწერე „ევროვიზიის“ უკრაინელ წარმომადგენელთან, ანასტასია პრიხოდკოსთან, რასაც დიდი პოპულარობა მოჰყვა, სიმღერა გახდა ერთ-ერთი სერიალის საუნდტრეკი. ამის შემდეგ დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობა და ნასტიამ რუსეთის მისამართით გარკვეული კომენტარი გააკეთა და ეს სიმღერა საერთოდ აიკრძალა. ძალიან მინდა დუეტი დიანა ღურცკაიასთან და ბესიკ კალანდაძესთან. ჯერ არ ვიცი როდის და როგორ მოხდება ეს.
– როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
– ჩემი ყოველდღიური დღე ეძღვნება იმას, რომ მოვახმარო მუსიკას და ოჯახს. ზოგადად, დილა სპორტით იწყება, თუმცა, ეს ათი დღე, რაც საქართველოში ვარ, სპორტს ჩამოვშორდი და ალბათ გარეგნობაზეც მეტყობა.
– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– ჩემი ერთადერთი გეგმაა, რომ არასოდეს მუსიკა არ მივატოვო. ჩემი მეორე გეგმაა, რომ ყოველთვის ვიყო ქართველი.
– როგორი იყო ეს ერთი საათი, რომელიც ჩვენს სტუდიაში გაატარე?
– ძალიან კარგი გარემოა აქ. არაჩვეულებრივი აურაა თქვენს სტუდიაში და გისურვებთ, რომ ეს აურა დიდხანს შეინარჩუნოთ.
– წარმატებებს გისურვებთ.