გადაცემის სტუმარი მომღერალი დავით კალანდაძე იყო. „ვიზიტორის“ ფარგლებში შედგა მისი ახალი სიმღერის პრემიერაც.
– თითქმის ერთი წელია არ ყოფილხარ საქრათველოში, როგორი განცდაა, როდესაც საკუთარ ქვეყანას უბრუნდები?
– ძალიან მეშინია ფრენის, უკვე 6 წელია თვითმფრინავში არ ვმჯდარვარ. მანქანით 2 დღე მოვდიოდი და ვერ წარმოიდგენთ, რა ემოციაა, როდესაც საზღვარზე გადმოდიხარ. ძალიან მენატრება აქაურობა.
– ძალიან მოთხოვნადი ხარ მოსკოვში. რა ხდება დღეს შენს სფეროში?
– მოსკოვში ქართველ მომღერლებთან ერთად ვარ თითქმის სულ და ყველას ძალიან უყვარს და ენატრება აქაურობა. ბოლოს ერთად ჩემს ქორწილში შევიკრიბეთ, როგორც იქნა ცოლი მოვიყვანე (იცინის). ქორწილი კი არა, კონცერტი გამოვიდა.
– მეუღლეს დიდი ხანია იცნობ?
– 8 წელია ვიცნობ და ამდენი დრო დამჭირდა იმის მოსაფიქრებლად, რომ ცოლად მომეყვანა (იცინის).
– როგორ სთხოვე ხელი?
– კონცერტი მქონდა მოსკოვში და სცენიდან ვთხოვე ხელი. არ მოელოდა და ძალიან გაკვირვებული და გახარებული იყო.
– საქართველოში დაბრუნებას თუ გეგმავ?
– რა თქმა უნდა, სიმართლეს გეტყვით, უკვე დავიწყე დიდი სახლის შენება, სადაც მთელი ჩემი ოჯახი დავეტევით და ბედნიერები ვიქნებით. წინ ჯერ ბევრი სამუშაოა.
– რომელ ცნობილ მომღერლებს უწერ სიმღერებს?
– ბევრია ასეთი, მაგალითად რადიო „ვოსტოკის“ რეიტინგში ჩემი სამი სიმღერა მოწინავე პოზიციებზე იმყოფება.
– ცნობილ რუს მომღერლებთან რა ურთიერთობა გაქვს? მაგალითად კირკოროვთან, ალასთან, ვარუმთან…
– სახლში არცერთ მათგანთან არ დავდივარ, თუმცა ოფიციალურ პრეზენტაციებზე ვხვდებით და გვაქვს ნორმალური ურთიერთობა. ვერ გეტყვით, რომ ახლო მეგობარი ვარ რომელიმე მათგანის.
– რამდენად ძვირი ჯდება, რომ მოსკოვში გახდე ვარსკვლავი?
– ბევრი დეტალია ამისთვის. არსებობს იშვიათი გამონაკლისები, როდესაც საოცარმა ტალანტმა შეიძლება იფეთქოს და გზა გაიხსნას, მაგრამ როგორც წესი, ამისთვის საჭიროა საკმაოდ ბევრი ფული და ე.წ. „ხელის წაკვრა“. მე მოვასწარი გაძვრომა, რადგან მაშინ დავიწყე მოღვაწეობა, როდესაც რადიოები და ტელევიზიები ფულზე არ იყვნენ გაგიჟებულები.
– პაპარაცების თემა რამდენად გაწუხებს?
– ვერ ვიტყვი, რომ ფილიპ კირკოროვი ვარ და მაწუხებენ. წყნარად ვცხოვრობ, გარეთ კეპით დავდივარ და იშვიათად მცნობენ. არც მინდა ასეთი ცხოვრება, როდესაც საკუთარი ცხოვრების უფლება არ გაქვს. მე თავმდაბალი ვარ და მაწყობს ჩემი ცხოვრება.
– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– როდესაც საქართველოდან წავალ, აქაური ჰაერჩასუნთქული ალბათ ახალ, განსაკუთრებულ მასალას შევქმნი. რუსეთში 9 თვე ზამთარი და სიცივეა და რთულია.
– ოჯახში ფუსფუსი თუ გიყვარს?
– ცოტა ზარმაცი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ლობიოს კეთება, ოღონდ ამ დროს სამზარეულოში არავინ უნდა შემოვიდეს.
– მეუღლე რომელი კერძებით განებივრებს?
– ალბათ უფრო რუსულ-უკრაინული კერძებით.
– წარმატებებს გისურვებ.