საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დავით ნარმანია სემეკს მომავალი 3 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
დავით ნარმანია სემეკის წევრი 2017 წლიდან იყო. ოფიციალურად თავმჯდომარედ მას ხვალ დაამტკიცებენ.
სემეკში ჩატარებული არჩევნების შედეგად კომისიამ თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
კენჭისყრის გადადების მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე ნარმანიას ნომინირების პროცედურა გახდა.
დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ არჩევის პროცესი გადაიდო
სემეკის თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალა. თუ ადრე მას პარლამენტში უმრავლესობით ირჩევნდენ, საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის მეშვეობით წარდგინების გზით, ახლა კომისიის წევრები ირჩევენ, კომისიის შემადგენლობის უმრავლესობით. ძველი ნორმით თავმჯდომარე 6 წლის ვადით, ახლა კი სამი წლის ვადით ირჩევა.
აქამდე სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობა ირინა მილორავას ეკავა, მას პოსტზე ყოფნის ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.
გაძვირდება, თუ არა გაზი – დავით ნარმანიას პროგნოზი
დავით ნარმანია 2012-14 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო. 2014 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე კი თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა.
არის 24 სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი და 34 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჯერ მაგისტრატურა, შემდეგ კი ასპირანტურა დაამთავრა. უნივერსიტეტში სწავლისას, მესამე კურსიდან იგი გახდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრი, სადაც ხელმძღვანელობდა სამეცნიერო მიმართულებას.