გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორის მენეჯერთან ჰოლგერ ქრეისთან შეხვედრა გამართა, რომელზეც ირიგაციის განვითარების და მიწის მდგრადი მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა. ყურადღება გამახვილდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების, ფერმერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და სოფლის მეურნეობაში გლობალური დათბობით გამოწვეული რისკების შემცირების საკითხებზე.
„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რაც სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ მივყვებით სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიას და არსებულ სამოქმედო გეგმას; მათი განხორციელებისთვის მსოფლიო ბანკის ჩართულობა, განსაკუთრებით ახალი ტექნოლოგიების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„ის ფაქტი, რომ საქართველოში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები ერთ სამინისტროშია გაერთიანებული, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებას უფრო ეფექტიანს ხდის,“- აღნიშნა ჰოლგერ ქრეიმ.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის (GRAIL) პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, ფერმერებისთვის გაუმჯობესდება საირიგაციო და სადრენაჟო მომსახურება, სასოფლო-სამეურნეო წარმოება და გაძლიერდება ეროვნული სარწყავი და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობები.