„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მას არ ჰგონია, რომ პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრობის” გვერდით დადგეს.
როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ოპოზიცია ყოველთვის თავისთვის სასარგებლო აქტივის გამოდნობას ცდილობს.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გადასვლა-გადმოსვლას, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ყველა მნიშვნელოვან მომენტში ცდილობს, რომ თავისთვის სასარგებლო რაღაცა პოლიტიკური, შიდა პოლიტიკური აქტივი გამოადნოს.
მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დადგეს, რომელსაც წლების მანძილზე ებრძოდა. შეწყალების ნაწილთან მიმართებაში, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და დისკრეცია, მე არ ვიცი სალომე ზურაბიშვილი რას იზამს, „ფეისბუკზე“ დაადასტურა არა და არასდროს“, –განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ცნობისთვის, 10 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე დაწერა, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს.
„არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ასევე, როგორც ამავე საკითხზე განაცხადა, მას არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი: „არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს.“– განაცხადა პრეზიდენტმა.
დღეს, 14 ივნისს, 21:00 საათზე, პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი სავარაუდოდ, ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.