„ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ და ყველაფერში გავხდეთ თავსებადები, რაშიც შესაძლებელია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე საუბრის დროს განაცხადა.
ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს
ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ ხელისუფლებამ რეკომენდაციებზე სათანადოდ იმუშავა, რატომ მიიღო საქართველომ 9 დათქმა, დავითულიანმა აღნიშნა:
„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 12 რეკომენდაციიდან შევასრულეთ, დაახლოებით, ცხრა“.
ბექა დავითულიანმა იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რის გამოც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრა შემცირდა:
[საგარეო პოლიტიკის თავსებადობაზე] იმიტომ ჩაიწერა, რომ იქ არის რეზოლუციების ნაწილი, რომელსაც საქართველო ვერ უერთდებოდა ორი მიზეზით. ერთი ის არის, რომ ორმხრივი სანქციების დაწესებას ნიშნავდა და მოიცავდა, რასაც ჩვენ არ შევუერთდით, რადგან ჩვენ არც ნატოს წევრები ვართ, არც ევროკავშირის და აგერ, 30 კილომეტრში გვიდგას მტერი, ვერ შევუერთდით უბრალოდ, ეკონომიკა დაგვექცეოდა თავზე.
მეორე ნაწილი, რასაც ვერ შევუერთდით, ეხება ქვეყნებს, რომელიც უშუალოდ ჩვენს სამეზობლოშია, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და იმას რომ შეუერთდე ამ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობა გაგიფუჭდება.
ვგულისხმობ რეზოლუციებს, რომელიც, მაგალითად, შეეხება თურქეთს, აზერბაიჯანს, ირანს, აფრიკულ ქვეყნებს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე ვერ ვუერთდებით.
რუსეთთან მიმართებით რეზოლუციებზე მიერთების არანაირი პრობლემა არ გვაქვს, გარდა ორმხრივი სანქციების დაწესებისა, პრაქტიკულად ყველას შეერთებული ვართ, ჰააგაში სარჩელის თანაინიციატორები ვართ, რუსეთთან მიმართებით რეზოლუციების ნაწილში პრობლემა არ ყოფილა. მაშინ, როცა ჰააგაში სარჩელის თანაავტორი ხარ, რუსეთთან მიმართებით რაიმე რეზოლუციაზე ხელის მოწერის ყოველგვარი უხერხულობა მოხსნილი გაქვს. შემდეგ როგორი მარტივი მაგალითები ხდება ხოლმე, უცებ ატყდება ამბავი, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა რატომ არ მივეცით და აღმოჩნდება ხოლმე, რომ დელეგაციის რომელიღაც წევრმა რეზოლუციას, სადაც ყველაფერი კარგად ეწერა, მიაწერა: „მიშა გაათავისუფლეთ“, – თქვა ბექა დავითულიანმა.