კასპის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, იქნებოდა ეს გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალგაყვანილობა, მელიორაციის მასშტაბური სამუშაოები, გაზიფიცირება – ათეულობით სოფელს მივუყვანეთ გაზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ბევრი საწარმო დაფინანსდა, როგორც ახალი საწარმოები, ასევე ბევრი მოქმედი საწარმო გადაიარაღდა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, საჭიროა მასშტაბების გაზრდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაათმაგებული ენერგიით და მოტივაციით სამუშაოების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ გვაქვს კარგად გააზრებული გეგმა და ხედვები, რომელიც სწორედ ამ გამოწვევებს ეხმაურება და მორგებულია თითოეულ რეგიონზე, მუნიციპალიტეტზე. ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. მთავარი ამოცანა უნდა იყოს ამ რესურსების მაქსიმალურად გონივრულად ათვისება და გამოყენება. ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა ათწლიანი განვითარების გეგმა, რომელიც ზუსტად პასუხობს სწორედ სიღარიბის დაძლევას და უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას, მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. თითოეულმა უწყებამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა სწორი განვითარების გეგმა, ხედვა, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ თითოეულ მუნიციპალიტეტში გავაგრძელებთ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით, მათ შორის ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები აქტიურად და ამას გავაგრძელებთ, რათა ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
