LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედა ენა”, ციფრული ტექნოლოგიები, გამოცდები – რა სიახლეები იგეგმება ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში

3321

ახალი, 2019-2020 სასწავლო წლიდან შესაძლოა, „დედა ენა“ სკოლებში დაბრუნდეს, – ამის შესახებ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია პარლამენტში და განხილვები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

რა სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლიდან, ამ თემაზე რადიო „ფორტუნა“  საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს ესაუბრა.

„მე და პარლამენტის წევრმა ზაზა გაბუნიამ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, „დედა ენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის წევრის, მარიამ ჯაშის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ხდება იმისთვის, რომ „დედა ენა“, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად სწავლობდნენ აღნიშნული წიგნით.

„დედა ენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი, გარდა იმისა, რომ არის საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ის ასევე არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი ნომინაციის – „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ – ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი. საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, რაც კონვენციის შესაბამისად გულისხმობს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობა, მათ შორის მისი იდენტიფიკაცია, დოკუმენტირება, კვლევა, შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია, მისი როლის ამაღლება და მისი გადაცემა უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინება, რაც „დედა ენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას მარიამ ჯაშმა.

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, კანონპროექტი რამდენიმე დღის წინ უკვე დაარეგისტრირეს პარლამენტში და განხილვები სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან დაიწყება.

 

დეპუტატს იმედი აქვს, რომ კანონპროექტის განხილვები დასრულდება წლის დასასრულამდე, რათა მოესწროს ჩანაცვლება არსებული წიგნის „დედა ენით. სამინისტროში შექმნილი საბჭო შეაჯამებს „დედა ენის“ იმ რედაქციას, რომელიც ერთი იქნება და სამინისტროს ეგიდით მომავალი წლიდან დაიბეჭდება.

როგორც ჯაში აღნიშნავს, 2019-2020 წლიდან სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებს, – ციფრული ტექნოლოგიების ბევრად უფრო ფართოდ დანერგვა არის სამინისტროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა.

„ალბათ, ყველაზე საინტერესო ნოვაცია, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ელოდებათ ჩვენც მოსწავლეებს, იქნება ციფრული ტექნოლოგიების ბევრად უფრო ფართოდ დანერგვა საჯარო სკოლებში, 2019 წლის ბიუჯეტი თავად ითვალისწინებს დამატებით ფინანსურ ინვესტიციებს, რომ მაქსიმალურად უფრო მეტი სკოლის აღჭურვა მოხდეს კომპიუტერული ტექნიკით, პროექტორებით, საინფორმაციო ტექნოლოგიური საგანმანათლებლო რესურსით და სწორედ ციფრული ტექნოლოგიების საფუძველზე სხვადასხვა დისწიპლინის, ანუ საგნის სწავლება დაიწყება თანამედროვე მეთოდებით და ამის დანერგვა და გაუმჯობესება არის მათი მთავარი მიზანი. იმედი მაქვს, რომ ეს დიდ ცვლილებას შეიტანს ჩვენი სწავლის მეთოდში და ის გახდება უფრო მეტად საინტერესო, მიმზიდველი და შემოქმედებითი,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სიახლეები შეეხებათ სპეციალურ მასწავლებლებსაც და მათი ხელფასი პედაგოგის სტატუსის მქონე პირის ხელფასის ოდენობას გაუტოლდება. 2018-2019 სასწავლო წლისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა სპეც პედაგოგების რეგულაციების საკითხი. მიღებულია კანონი, რომლის მიხედვითაც, სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭებათ მასწავლებლის სტატუსი და მათი ხელფასი პედაგოგის სტატუსის მქონე პირის ხელფასის ოდენობას გაუტოლდება. ეს იყო თემა, რომელიც წლების განმავლობაში იყო გადაუჭრელი პრობლემა.

როგორც ცნობილია, მარიამ ჯაშს კიდევ აქვს ინიციატივა, რომელიც საატესტატო გამოცდებს ეხება. მისი განცხადებით, ამ მხრივ ცვლილებები ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და დასაჩქარებელია, თუმცა როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, 2020 წლამდე სავარაუდოდ, მისი ინიციატივის განხორციელება შეუძლებელი იქნება.

„სკოლის გამოსაშვები გამოცდები შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს. შესაძლოა, გამოვიყენოთ საერთაშორისო და  ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც გამოცდები ოთხ ძირითად საგანში ბარდება – მშობლიურ ენაში, უცხო ენაში, მათემატიკასა და ერთ არჩევით საგანში და 8 საატესტატო და კიდევ 4 ეროვნული გამოცდის ჩაბარება არის ნამდვილად ძალიან რთული და ეს არის ტსესტებზე ფოკუსირებული საგამოცდო სისტემა და არა განათლებასა და შინაარსზე. ასევე, საატესტატო გამოცდები არცერთი შეცდომის დაშვების შესაძლებლობის უფლებას არ აძლევს მოსწავლეს გამოცდების ჩაბარების პროცესში, სწორედ ამის მიხედვით გავეცი ჩემი მთავარი რეკომენდაციები,“ – განმარტავს მარიამ ჯაში ჩვენთან საუბარში.

როგორც პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ რადიო “ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა, ინიციატივა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმაც დაანონსა და ცვლილებები ამ მხრივ აუცილებლად დაიწყება.

„მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა გადაწყვეტილება, რომ 2020 წლისთვის რადიკალურად შეიცვლება საატესტატო სისტემა. რაც შეეხება საგამოცდო ტესტების გართულებას 2019 წელს, ეს გამორიცხულია. ასევე ვფიქრობ, რომ რაოდენობრივად მოსწავლეებს ძალიან ბევრი გამოცდის ჩაბარება უწვეთ. სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლემ შეიძლება ჩააბაროს იგივე გამოცდები, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებს, ეს კი ახდენს დუბლირებას და ჯანსაღი პროცესი არ არის. თუ საერთაშორისო პრაქტიკას გადავხედავთ, როგორც ბალკანეთში ან თუნდაც სკანდინავიის ქვეყნებშია, რომლებიც ითვლებიან ლიდერებად განათლების სისტემების შეფასების საფუძველზე, მოქმედებს ე.წ. საკომპენსაციო ქულის სისტემა, ანუ მოსწავლეებს გამოცდაში ჩაჭრის შემთხვევაში, აქვთ არა ერთი წლის, არამედ რამდენიმე თვის შემდგომ გადაბარების უფლება. რაც შეეხება დღეს მოქმედ საატესტატო და ეროვნლი გამოცდების სისტემებს, ჩვენ ვხვდებით, რომ არის ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერი და ვისურვებდი, რომ ჩვენ სისტემაში უფრო მეტი დრო ეთმობოდეს შინაარსობრივ და შემოქმედებით ნაწილს სასწავლო პროცესის, ვიდრე მხოლოდ ტესტების ჩაბარებაზე ორიენტაციას. ეს ყველაფერი კი უფრო მეტ მოქნილობაზეა და არავითარ შემთხვევაში ხარისხის კომპრომისზე დაფუძნებაზე,“ – განაცხასა მარიამ ჯაშმა.

 

ნუცა სალუქვაძე

magti 5g