დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი საზეიმოდ გუშინ გახსნა.
დედაენის ბაღი საახალწლოდ მოირთო და ტერიტორიაზე დეკორატიული სათამაშოები, ყვავილების ხეივანი და მექანიკური თოჯინები განთავსდა.
თბილისის მერი საახალწლო ქალაქში ოჯახთან ერთად მივიდა და ვახტან კახიძის კონცერტს, ”საშობაო ზღაპარს” დაესწრო.
დავით ნარმანიას თქმით, საზეიმოდ მორთული საახალწლო ქალაქი თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ყოველდღიურად უმასპინძლებს.
,,დედაენის ბაღი წელს პირველად მოირთო ასე ლამაზად და საახალწლო ქალაქი ძალიან საინტერესო კონცერტით გაიხსნა. მიუხედავად უამინდობისა, საახალწლო ქალაქის სანახავად უამრავი ადამიანი მოვიდა. დედაენის ბაღი ყოველდღიურად უმასპინძლებს ჩვენს თანამოქალაქეებს და მათ უამრავ საახალწლო ღონისძიებას შესთავაზებს. გარდა დედაენის ბაღისა, განსაკუთრებულად მოირთო განახლებული აღმაშენებელიც, სადაც ასევე, ყოველი დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა ღონისძიებებით. 31 დეკემბერს კი გალა კონცერტით შევხვდებით ახალ წელს და ერთად ვიზეიმებთ მის შემობრძანებას,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საახალწლო ღონისძიებები თბილისში 2 იანვრამდე გაგრძელდება. 9 დღის განმავლობაში, თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ სახლებში, საახალწლო ნუგბარი დააგემოვნონ და სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები შეიძინონ. საახალწლო ქალაქში, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები გაიმართება. თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი, დედაქალაქის მერიის ბიგ ბენდთან ერთად, საახალწლო წარმოდგენას გამართავს. გაიმართება ჰიპ ჰოპ ლაივ კონცერტიც.
საახალწლო ქალაქის სტუმრებისთვის საგანგებო პროგრამას ამზადებს ჯგუფი SALIO. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს კი, რადიო “კუბრიკი”, რომელიც საახალწლო ქალაქში უწყვეტ რეჟიმში იმაუწყებლებს და Live@twilight უმასპინძლებენ. საღამოობით, საახალწლო ქალაქის სტუმრებისთვის ქართველი DJ-ები დაუკრავენ. დედაენის ბაღში მოეწყო Art სივრცეც, სადაც სხვადასხვა ინსტალაციებია წარმოდგენილი. კულტურული ღონისძიებების გარდა, საახალწლო ქალაქში სპორტული და საბავშვო აქტივობები გაიმართება. დედაენის ბაღში მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, საახალწლო ქალაქის პრიორიტეტი ექსტრემალური სპორტი იქნება.
დედაენის ბაღის გარდა, ასევე, საახალწლო ღონისძიებები ყოველდღიურად გაიმართება განახლებულ აღმაშენებელზეც. „ახალ ტფილისში“ უკვე დამონტაჟებულია დეკორატიული მატარებელი, რომლის მემანქანეც სანტა კლაუსია. მატარებლის თითოეულ ვაგონში საახალწლო გამოფენა-გაყიდვაა მოწყობილი. აგრეთვე, აღმაშენებლის საფეხმავლო მონაკვეთზე მოეწყობა მამუკა ჯაფარიძის ინსტალაცია და მხატვრული წარმოდგენა ,,ჰაერბურთების განათება ვიდეოპროექციით”.
გიორგი ქათამაძის ჩრდილების თეატრი კი რამდენიმე წარმოდგენას გამართავს. საახალწლო ღონისძიებების კულმინაცია გალა კონცერტი იქნება, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს, ვარდების მოედანთან გაიმართება.