ცნობისთვის, იტალიაში მცხოვრები მარიამ სირბილაძე, რომელმაც წლების წინ სიმსივნე დაამარცხა, გუშინ 18 დეკემბერს გარდაიცვალა. მარიამი იტალიაში გულის შეტევით გარდაიცვალა.
მარიამი სოციალურ ქსელში ხშირად ჰყვებოდა იმ მძიმე დღეებზე, როდესაც დიაგნოზი დაუსვეს, ამხნევებდა ყველას და იტალიაში იმ კლინიკაში მუშაობდა, სადაც წლების წინ სიმსივნე დაამარცხა.
მისი გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ინტერვიუებში ყოველთვის ამბობდა, რომ იბრძოლა, იმედი არასოდეს დაუკარგავს და საბოლოოდ, “სიკვდილი მოკლა”. ის ყოველთვის ამხნევებდა იმ ქალებს, ვინც ახლა გადის იმ რთულ ეტაპს, რაც მან უკვე წლების წინ გადალახა. მარიამს 2 შვილი დარჩა.
kvirispalitra.ge დაუკავშირდა EUROPA DONNA GEORGIA-ს პრეზიდენტს, ანა მაზანიშვილს, რომელიც მარიამის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო.
„მარიამის გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის უკმარისობა. ამ ზაფხულს ბათუმში ვირუსი შეხვდა, ხველა გაუხანგრძლივდა, აპირებდა, რომ მკურნალობა დაეწყო, თუმცა ვერ მოვასწარით. ამბობდა კიდეც, ცოტა დავაგვიანეთო მკურნალობა, ანალიზების გაკეთება დაიწყო, ორი დღის წინ ვისაუბრეთ მესენჯერით. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი, ძალიან გავბრაზდი, ასეთი ხუმრობა როგორ შეიძლება-მეთქი, მესენჯერში გადავურეკე, რამ გადარია ეს ხალხი, რას მწერენ, რატომ გადაირივნენ, ადამიანები მეკითხებოდნენ, რა მოხდა და რომ დავრეკე, დედამისმა ტირილით მიპასუხა, მერე არაფერი მახსოვს“. – ამბობს ანა.