თბილისის მასშტაბით, გზის გაწმენდის სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “თბილსერვის ჯგუფი” მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. სრულად არის მობილიზებული ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.
როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების გაწმენდა ღამით დაიწყო. გაიწმინდა კოჯორი, კიკეთი, ბეთანია, სამადლო, ტაბახმელა, წავკისი, წყნეთი, ბაგების დასახლება და დიდგორი, ასევე დიდი დიღომი.
300 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა და იყრება დედაქალაქის მთავარ ქუჩებზე და მაღლობზე განსახლებულ უბნებში. მათ შორის, ნუცუბიძის პლატოზე, ელიას მთაზე, ნაძალადევში, ნახალოვკის დასახლებაში, მთაწმინდაზე. გაწმენდილია ვაზისუბანი, ვარკეთილი, დიდი დიღომი, დიღომი და დიდუბე.
მერიის ინფორმაციით, თბილისის სხვადასხვა რაიონში დაფიქსირდა ხეების წაქცევის ფაქტები. შედეგების აღმოფხვრისთვის სრული დატვირთვით მუშაობს “ეკოსერვის ჯგუფი”. მობილიზებულია თბილისის ყველა გამგეობა და ხორციელდება შიდა საუბნო გზების გაწმენდა.
უამინდობის გამო, თბილისი ზოგიერთ რაიონსა და ქუჩაზე შეიქმნა საცობები.
მერიაში ამბობენ, რომ დამატებით პრობლემას ქმნის ბევრი კერძო ავტომობილი, რომელიც ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილდება. მუნიციპალიტეტში მოუწოდებენ მძღოლებს, ასეთ შემთხვევაში თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან ან აღჭურვონ ავტომანქანა ზამთრის საბურავებით.
“თბილისის მუნიციპალიტეტი მზად ვართ, ნებისმიერ თქვენს ზარს ვუპასუხოთ და მოვახდინოთ დროული რეაგირება საჭიროების შემთხვევაში. დაგვიკავშირდით, როგორც “თბილსერვის ჯგუფის”, ასევე მერიის ცხელ ხაზებზე.” – წერია გავრცელებულ მიმართვაში.