LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქისთვის დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები – რა ხარვეზებზე საუბრობენ სპეციალისტები

გორგასლის ქუჩააა

თბილისში 2019-2020 წლებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ამის შესახებ პრეზენტაციაცოტა ხნის წინ გამართა, სადაც მან დედაქალაქში განსახორციელებელი 23 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი წარადგინა, რომელთა საერთო ღირებულება 400 მილიონ ლარს აღემატება. პროექტების პრეზენტაციას უკვე მოჰყვა ურბანისტებისა და ქალაქმგეგმარებლების არაერთგვაროვანი და კრიტიკული შეფასებები.  

ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციაა, რომელიც 2019-2020 წლებში უნდა განხორციელდეს და მისი საერთო ღირებულება 110 000 000 ლარი იქნება. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია მიწისქვეშა საავტომობილო გვირაბის გაყვანა და ქუჩის დათმობა მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის. ასევე, უნდა გამწვანდეს 10 ჰექტარი და აშენდეს საფეხმავლო ხიდი, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა.

ამ პროექტთან დაკავშირებით ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ეს პრეზენტაცია ბუნდოვანია და იმ შემთხვევაში თუ პროექტს ისე განახორციელებენ, როგორც ეს ვიდეორგოლშია ნაჩვენები, მაშინ მტკვარი ხალხს კიდევ უფრო დაშორდება.

„ეს არის ძალიან ვიწრო ადგილი და მას არ აქვს ისეთი სიღრმე და არც განაშენიებაა იმდენად ღრმა, რომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას მოემსახუროს. ვთქვათ, რატომ აქ და არა თამარ მეფისა და ვორონცოვის ხიდებს შორის? მთელ ამ სიგრძეზე, რომელზეც გამოდის უზარმაზარი უბანი პლეხანოვი, არ აქვს რეკრეაციული ზონა და ამ ხერხით შეუძლიათ გამოვიდნენ მტკვარზე. ასევე აღსანიშნავია, როგორც ამ ვიდეოდან ჩანს, იქ ეს მაგისტრალი კი არ ჩადის ქვემოთ, არამედ უბრალოდ გადაიხურება. ანუ, ის დარჩება თავის ნიშნულზე, გადაიხურება და იმის თავზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა, სადაც გამწვანებასაც კი ვერ გააკეთებ, რადგან ხეებს ვერ დარგავ. ასევე, იქ არის უზარმაზარი ხეები, რომლებიც ამას შეეწირება, გადახურვით კი, მტკვარს სიმაღლეში კიდევ უფრო მოწყდები. ახლა მტკვრიდან მაგისტრალი დაახლოებით 4-5 მეტრით არის დაშორებული ჯებირის სიმაღლით, ამას დაემატება მთელი გადახურული მაგისტრალის სიმაღლე, რომელიც ხუთი მეტრი მაინც იქნება და საბოლოდ, ადამინი რომ მივა მტკვრის მოაჯირთან, მისგან მდინარე 10 მეტრით იქნება დაშორებული და კიდევ უფრო მოწყდება ხალხს,“ – აცხადებს ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.

ზურაბ ბაქრაძის მსგავასად, ურბანისიტი ლადო ვარდოსანიძეც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ პროექტებს კონკრეტიკა აკლია, ასევე, მისი შეფასებით, ბუნდოვანია, რა მექანიზმებით შეირჩა ეს პროექტები და რამდენად არის საზოგადოების აზრი გათვალისწინებული.

„ჯერჯერობით ბუნდოვანია, რა მექანიზმებით იქნა შერჩეული ეს პროექტები, რამდენად იყო გათვალისწინებული საზოგადოების სურვილები. ასევე, პრიორეტიზაცია ამ პროექტებისა, ანუ ეს არის ყველაზე აქტუალური პროექტები თბილისისთვის? ამაზე პასუხის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ სპეციალისტებს, მხოლოდ გენერალურ გეგმაზე დაყრდნობით, რომლის მიღებაც გაჭიანურდა. რაც შეეხება კონკრეტულად გორგასლის პროექტს, საფრთხეებს ვერ ვხედავ, მაგრამ ვერც განსაკუთრებულ აქტუალობას თბილისისთვის. ვისურვებდი, რომ ასეთ სერიოზულ, სოლიდურ პრეზენტაციაზე უფრო პერსპექტიული პროექტებიც დამენახა, რომელიც ორი წლით არ იფარგლება. მაგალითად, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი. რა დღეშია იქ გვირაბები, ეს გვაინტერესებს თბილისელებს. ასევე, რასაც ადრე მერმა მიაქცია ყურადღება ეს გახლავთ მიწისზედა ელექტრო-ტრანსპორტით დაკავშირება თბილისის აეროპორტისა და რუსთავის. დასახვეწია ობიექტების შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები, ასევე, ამ პროექტების პრიორეტიზაცია და სტრატეგიული ხედვა. მართალია, ეს 2019-20 წლის პროექტები, რომელიც ცოტა საარჩევნოდ ჟღერს, გასაგებია ყველას ესმის, თუმცა მე აქცენტს არ გავაკეთებდი. არ არის პრინციპული ორი წელი იქნება თუ სამი, მთავარი ის არის, რომ პრიორიტეტებს გენერალური გეგმა წყვეტს, მაგრამ რატომღაც გენგეგმის პრობლემატიკა სულ ერთხელ იყო ნახსენები პრეზენტაციის დროს, რაც არ არის მართებული. გაცილებით მეტი ბმულები უნდა იყოს ასეთ პრეზენტაციებსა და გენგეგმის პოზიციებს შორის, თუნდაც გენგეგმის კორექტირების თავლსაზრისით,“ – აღნიშნა ლადო ვარდოსანიძემ რადიო „ფორტუნასთან“.

კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც თბილისის მერმა პრეზენტაციაზე წარადგინა უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაა. ისიც სხვა პროექტების მსგავსად, 2019-20 წლებში უნდა დასრულდეს და საერთო, ჯამში 20-30 მილიონი ლარი დაჯდება. ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე შიშობს, რომ ამ პროექტის განხორციელება ადგილზე არსებულ ლანდშაფტს შეიწირავს.

„სამწუხაროდ ჩვენთან, ქალაქგანვითარება ასე მიდის, დაიწყება რაღაც ტერიტორიების ათვისება ქაოსურად, წინასწარი დაგეგმვის გარეშე. იმის გააზრების გარეშე, იქ უნდა განვითარდეს თუ არა საცხოვრებელი უბნები და შემდეგ, უკვე ფაქტის წინაშე დგანან და ფიქრობენ, ახლა რა უნდა გააკეთონ, რომ ეს ადგილი სატრანსპორტოდ მომსახურებული იქნას. სამწუხაროდ, ასე მოხდა ბაგების შემთხვევაშიც. ბაგები იმ სიმძლავრით, როგორც განვითრდა, არაფრით არ უნდა განვითარებულიყო. იქ ქალაქი არ უნდა შესულიყო ბაგებში. ახლა აღმოჩნდა, რომ ეს პატარა, ვიწრო გზა, რომელიც ბაგებს აკავშირებს ვაკესთან, ვერ აუდის ამ მოძრაობას და ფიქრობენ, რომ იქნებ პირდაპირ დაუკავშირონ  საბურთალოს მაღლივ კორპუსთან. თავისთავად, რა  თქმა უნდა, ცუდია. არც ბაგები არ უნდა განვითარებულიყო ასეთი სიმძლავრით და არც იმ ადგილას, სადაც ახლა ხიდზე ლაპარაკობენ, არ უნდა გაიაროს არავითარმა მაგისტრალმა, რადგან მანდ მშვენიერი შესაძლებლობაა, გაკეთდეს სარეკრეაციო ზონა. ეს ადგილი, თავისი ლანდშაფტით არის შესანარჩუნებელი და განსავითარებელი. ჯერ რაღაც არასწორად და ცუდად გააკეთეს და იმ სიცუდეს კიდევ მეორე სიცუდეს ამატებენ და იმ ლანდშაფტსაც გააფუჭებენ. თუმცა, ბაგები-ვაკის შემაერთებელი გზა გადატვირთულია, ვიწროა. იმ გზის გაფართოების შესაძლებლობაც კი არ დატოვეს, სახლები ისე ააშენეს ბაგებში. უგუნურების მსხვერპლია ქალაქი და ახლა ძალიან ძნელია იმის თქმა, დამატებითი ხიდის გაკეთებით ვუშველოთ იმას თუ სხვა გზა გამოვნახოთ,“ – ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

ვარკეთილისა და დიდი დიღმის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც ის პროექტია, რომელის განხორციელებასაც თბილისის მერია მომდევნო ორ წელიწადში გეგმავს. გეგმის მიხედვით, ადგილზე თავს სპორტის არა ერთი სახეობა მოიყრის, ასევე უნდა აშენდეს საფეხბურთო და საკალათბურთო მინი მოედნები, საცურაო აუზი, ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს მედიათეკა და კაფე-ბარები. პროექტების ღირებულება ცალ-ცალკე 12 000 000 ლარს შეადგენს. ურბანისტი და ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ იდეა თავისთავად სწორია ქალაქის პოლიცენტრული განვითარებისთვის, თუმცა ამ ვიდეორგოლის მიხედვით, დეტალებზე საუბარი უჭირს.

„თავისთავად, ლოკალური ცენტრების გაჩენა ასეთ ადგილებზე მისასალმებელია და სწორია. ეს არის პოლიცენტრული განვითარება ქალაქის. ასეთი ცენტრები სჭირდება დიდ დიღომსაც და ვარკეთილსაც. ვარკეთილში თავისთავად წარმოიქმნა ასეთი ქაოტური ცენტრი, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება. თუმცა, ეს პროექტი უკვე წარმოშობილ ცენტრს როგორ მოექცევა, გადააკეთებს და რეკონსტრუქციას გაუკეთებს თუ ახალს მიაშენებს, ეს ყველაფერი არ ვიცი და მგონია, რომ სამოქალაო საზოგადოებამაც არ იცის. შესაბამისად, ძნელი სათქმელი იქნება, ეს კარგი იქნება თუ ცუდი,“ – განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.

23 მასშტაბური პროექტი ორი წლის განმავლობაში უკვე გაწერილია, სპეციალისტები და დედაქალაქის მოსახლეობა კი საბოლოო შედეგების მოლოდინშია.

magti 5g