„დეკემბრის პირველ კვირაში უფრო გვექნება შემთხვევათა ზრდა და თუ არ შემოვიღეთ და უფრო არ გავამკაცრეთ შემზღუდველი ღონისძიებები, პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“, – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პროგნოზი კეთდება ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებების ინსტიტუტის მონაცემების საფუძველზე, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს და რომელიც შემთხვევების ყოველკვირეულ პროგნოზირებას ახდენს.
მისი განმარტებით, აუცილებელია ქვეყანამ გაამკაცროს აღსრულება არსებული რეგულაციები და გაფართოვდეს წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით.
რაზე მსჯელობს მთავრობა და რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს
როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, სიტუაცია საკმაოდ რთულია როგორც გლობალურად, ასევე საქართველოშიც და პანდემია უკან არ იხევს.
„ერთადერთი დამამშვიდებელი არის ის, რომ სიკვდილიანობა შემცირებულია პროცენტულად გაზაფხულთან მიმართებაში და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება“.
მან ისაუბრა ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობაზე და თქვა, რომ დღევანდელი მაჩვენებელი დამოკიდებული იყო ამ სამი დღის ტესტირების რაოდენობებზე, რადგან სადღესასწაულო დღეებში ტესტირების რაოდენობა იკლებს.
„გუშინ და გუშინწინ პისიარის და ანტიგენის ტესტი ერთად აღებული გვქონდა 7 000-ის ფარგლებში, როცა კვირის სხვა დღეებში ერთად აღებული გვაქვს 12 000-13 000-ის ფარგლებში. ამიტომ დღევანდელი რაოდენობა 3 128 ნუ დაგვამშვიდებს, რადგან კლება არ არის, პირიქით, არის მატება და მატება კიდევ გაგრძელდება, იმიტომ, რომ შევდივართ პიკში და ეს რამდენ ხანს გაგრძებდება, ჯერ არ ვიცით“.
გამყრელიძემ მსოფლიოს დამაიმედებელ პროგნოზებზეც ისაუბრა, რომელიც ახალ ვაქცინებს და მათ ეფექტიანობას უკავშირდება და აღნიშნა, რომ ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა მომავალი წლის გაზაფხულიდან იქნება.
საწოლფონდი არის მტკივნეული თემა, ვაქცინას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს: ეკატერინე ტიკარაძე
მან ასევე დასძინა, რომ ის ვაქცინა იქნება საქართველოსთვის, რომელსაც დასტურს მისცემს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.
„ჩვენ უკვე შეკვეთილი გვაქვს მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის. ეს არის დაახლოებით 700 000 ადამიანი. იცით, რომ ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად, სამი ან ოთხი კვირის გამოშვებით, ამიტომ საჭიროა 1 400 000 დოზა და ეს დაახლოებით ჯდება 17 მილიონ დოლარამდე. 4 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხულია და როგორც კი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია დაამტკიცებს, ეს იქნება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი“, – თქვა გამყრელიძემ.
ბოლოს კი აღნიშნა, რომ თუ უფრო ადრეულ ეტაპზე იქნა შესაძლებელი, რომ საქართველოში რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, ამასთან დაკავშირებითაც მიდის სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებები.
რაც შეეხება ვაქცინისათვის საჭირო დამაცივრე დანადგარებს, მან თქვა რომ საქართველო აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან, რომ ამ ტიპის სამაცივრე დანადგარებით ქვეყანა იყოს აღჭურვილი.