LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენიელ ფრიდი: „არ მესმის და ვერავინ ამიხსნა, როგორ დაეხმარება „აგენტების“ კანონი საქართველოს სუვერენიტეტსა და ძლიერებას – ბაიდენის ადმინისტრაცია და სახდეპი ფიქრობს, რა შეიძლება გააკეთონ არჩევნებამდე, რათა მთავრობამ არ ითაღლითოს“

128
დენიელ ფრიდი

„ქართველები ამბობენ, რომ საკუთარ მომავალს ევროპასთან ხედავენ. კარგი აზრია, მაგრამ საქართველოსა და მისი დემოკრატიის დასუსტება მას არ მოუტანს ევროპულ მომავალს, არამედ მომავალს კრემლის დაქვემდებარებაში“, – ამის შესახებ ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა განაცხადა.

ამ თემაზე ფრიდმა „თბილისი რუმსში“ ისაუბრა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.

როგორც მანვე აღნიშნა, გაუგებარია, როგორ დაეხმარება საქართველოს სუვერენიტეტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“.

ფრიდის განმარტებით, თუ მმართველ ძალას არჩევნებში სამართლიანად გამარჯვება არ შეუძლია, მაშინ „უცხოური აგენტების კანონი უბრალოდ ჰგავს მოტყუების გზას“.

„არ მესმის და ვერავინ ამიხსნა, როგორ დაეხმარება „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოს სუვერენიტეტსა და ძლიერებას. საქართველოს სუვერენიტეტი დამოკიდებულია ქვეყნის ცოცხალ დემოკრატიაზე, ქართველი ხალხის სიძლიერე უნარჩუნებს ქვეყანას დამოუკიდებლობას.

რუსეთს აქვს სურვილი აწარმოოს ომები, რათა აღადგინოს იმპერია. რატომ არის საქართველოს ინტერესში პოლიტიკურ პარტიებზე თავდასხმა და მათი კანონგარეშე გამოცხადება?! ეს არის ის, რაც არ მესმის და არ ყოფილა ახსნილი.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო თავისუფლად და სამართლიანად, მათ დაამარცხეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და არ დასჭირვებიათ „უცხოური აგენტების“ კანონი ან რომელიმე პარტიის უკანონოდ გამოცხადება გასამარჯვებლად.

თუ სამართლიანად მოიგებენ – კარგი, მაგრამ თუ ვერ გაიმარჯვებენ, „უცხოური აგენტების“ კანონი უბრალოდ ჰგავს მოტყუების გზას. არ მგონია, რომ ქართველი ხალხი ამას მიიღებს. საქართველოს ძლიერება ეფუძნება საქართველოს დემოკრატიას და ამერიკელებს ძალიან არ უნდათ იფიქრონ საქართველოზე, რომ ის კარგავს დემოკრატიას და ხდება კიდევ ერთი ავტოკრატიული ქვეყანა, რომელიც საბოლოოდ რუსეთის მმართველობას ექვემდებარება.

ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს შეცდომებს, ყოველთვის, მაგრამ ჩვენ არ შევჭრილვართ საქართველოში, არ გამოგვიცხადებია ბოიკოტი ქართული პროდუქტებისთვის, არ ვახდენთ საქართველოს ნაწილის ოკუპირებას, არ დაგვიბომბავს გორი. რუსეთმა გააკეთა ეს ყველაფერი და ქართველებს არ სჭირდებათ, რომ ეს მათ რომელიმე ამერიკელმა უთხრას.

ასე რომ, რომელი ქვეყანა ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს – რომელიც დაეხმარა მას და სურს მისი დახმარება თუ რომელიც შეიჭრა საქართველოში? „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს ომის პარტიაზე, მაგრამ ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი? არა შეერთებულმა შტატებმა, ვინ დაიწყო რუსეთ- უკრაინის ომი? – უკრაინა არ დასხმია რუსეთს თავს პირველი, არ უცდია მისი ტერიტორიების ანექსია.

შალვა პაპუაშვილი: „სამოქალაქო საზოგადოების არსებული ფრანკენშტეინის მოდელი უპერსპექტივოა. გამჭვირვალების კანონის შესრულება კი კარგი საწყისი წერტილია ამ პრობლემის გადასაჭრელად“

ასე რომ, ომის პარტია არის პუტინი. ის ომს საკუთარი იმპერიის აღდგენის გზად ხედავს. ქართველები ამბობენ, რომ საკუთარ მომავალს ევროპასთან ხედავენ. კარგი აზრია, მაგრამ საქართველოსა და მისი დემოკრატიის დასუსტება მას არ მოუტანს ევროპულ მომავალს, არამედ მომავალს კრემლის დაქვემდებარებაში“, – განაცხადა დენიელ ფრიდმა.

მისი თქმით, ამერიკა შემდგომი ზომების მისაღებად, საქართველოში არჩევნების შედეგებს დააკვირდება.

„აშშ და ევროპას არ შეუძლია უთხრან საქართველოს თუ რა ქნას, ჩვენი ბერკეტები შეზღუდულია. ხშირად ჩნდება სანქციებთან დაკავშირებული საკითხი. სამწუხაროა იმაზე ფიქრი, რომ წლების დახმარების შემდეგ, შესაძლოა, გაღებულ იქნას საქართველოზე სანქციების დაწესების ძალისხმევა.

აშშ აკვირდება მოახლოებულ არჩევნებს და შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს ან წააგოს, ასევე შეიძლება ითაღლითოს. აშშ-სა და ევროპას მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება ამ არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით. საუკეთესო გამოსავალი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

არავის უნდა სანქციების გზით სიარული, მაგრამ აშშ -სა და ევროპას აქვთ ამისთვის ინსტრუმენტები, თუ საჭირო გახდება. იმედი მაქვს, არ გახდება და ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამისი საჭიროება არ დადგება. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის გარკვეული ქმედებებითა და განცხადებებით ჩანს განზრახვა, რომ საკითხები კონფრონტაციამდე მიიყვანოს.

მესმის, რომ ზოგი ქართველი ფიქრობს, აშშ-მ უნდა იმოქმედოს ახლავე და არჩევნებამდე გააფრთხილოს საქართველოს მთავრობა, არ ითაღლითოს. რამდენადაც მესმის, ბაიდენის ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი ფიქრობენ, რისი გაკეთება შეუძლიათ. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი განიხილავენ, რა შეიძლება გააკეთონ არჩევნებამდეც კი“. – განაცხადა დენიელ ფრიდმა.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

პოპულარულები