LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეოკუპაცია, ევროინტეგრაცია, ადამიანის უფლებების დაცვა, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა – პრემიერმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა

80
ირაკლი-ღარიბაშვილი-1-1-768x432

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ წლიური მოხსენება წარუდგინა.

ანგარიშში, რომელიც 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, წარმოდგენილია მთავრობის მუშაობის შედეგები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის დეოკუპაცია, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, ეკონომიკის განვითარება და დასაქმება, განათლების ხელშეწყობა და კოვიდპანდემიის მართვა.

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ქვეყნის დეოკუპაცია, დევნილი
მოსახლეობის მშვიდობიანი დაბრუნება და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეთა კეთილდღეობაზე მუშაობა მთავრობის მუდმივი საზრუნავი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია:

◼  “2021 წლის 23 ივნისს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. კომპლექსური სტრატეგია ეფუძნება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ორივე მიმართულებას − როგორც დეოკუპაციას, ისე − საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებასა და ჩართულობას. მისი შემუშავება მიმდინარეობს ინკლუზიური და საერთო ეროვნული (whole of nation) პროცესის ფარგლებში;

◼  საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 3 რაუნდი, სადაც მთავარ თემებს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, ძალის არგამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების
საკითხები;

◼  ინტენსიური მუშაობა გრძელდებოდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებისა და ინდივიდუალური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესაძლო შემზღუდავი ზომების დაწესების მიზნით. სიისადმი მხარდაჭერა და სანქციების დაწესების მოწოდება ასახულია მათ არაერთ დოკუმენტში;

◼  გრძელდება საქართველოს ინტერესების დაცვა სახელმწიფოთაშორის დავაზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას”, – აღნიშნულია მოხსენებაში.

ანგარიშის მიხედვით, გრძელდება თანმიმდევრული რეფორმები ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, ასევე საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისა და ალიანსში ინტეგრაციისთვის მზადყოფნის მიმართულებით.

“ალიანსმა შეიმუშავა 2021 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. 2022 წლის აპრილში კი შემუშავდა საქართველოს 2022 წლის რიგით მე-14 წლიური ეროვნული პროგრამის სამუშაო ვერსია და გაიგზავნა ნატოს შტაბ-ბინაში. მიმდინარეობდა ნაყოფიერი მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც. საანგარიშო პერიოდში ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის 5 სხდომა.

გაგრძელდა აქტიური მუშაობა ნატოს 2022 წლის სამიტზე საქართველოს დასწრებისა და სათანადოდ წარმოჩენის უზრუნველსაყოფად. ქართული მხარე მართავს აქტიურ კონსულტაციებს, რათა მადრიდის სამიტის დასკვნით დოკუმენტში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ადეკვატურად იქნეს ასახული. საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავების პროცესში, რომელიც უნდა დამტკიცდეს მადრიდის სამიტზე”, – წერია მოხსენებაში.

დოკუმენტში საუბარია ფარმაცევტული სექტორის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზეც:

“მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქეთის ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომლებზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. რეფორმის შედეგად სახეზეა ხელშესახები ცვლილებები, რაც გამოიხატა ფასების 60% − 80%-მდე შემცირებაში. მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე 155 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, პირველი მარტიდან დღემდე, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი, 51 მილიონ ლარამდე დანაზოგი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრემიერი: საქართველომ უკრაინისთვის უკვე გამოყო 7 მილიონი დოლარი და აგრძელებს ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g