პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დასრულდა. გიორგი გახარიამ შემაჯამებელ სიტყვაში განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შინაარსობრივ ნაწილზე რეაქცია არ ჰქონიათ, პოლიციას კი, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს, შეურაცხყოფა მიაყენეს.
„პირველ რიგში, მინდა, მივმართო საქართველოს რიგით მოქალაქეებს, თითოეულ პოლიციელს, თითოეულ მეხანძრე-მაშველს, თითოეულ მესაზღვრეს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დგას დღეს საოკუპაციო ხაზთან და პატრულირებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ რიგით თანამშრომელს, დღეს, ყველამ ერთად, დავინახეთ, რომ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, ამ ქვეყანას უნდა მოვუაროთ ჩვენ ყველამ ერთად. როდესაც ადამიანები ნახევარი საათით შემოდიან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზიის ეკრანებზე გამოჩნდნენ და პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ, ეს ადამიანები ჩვენს მომავალს ვერ შექმნიან და მათ ამ მომავლის შექმნის საშუალება უბრალოდ არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა გახარიამ.
