დევიდ ბექჰემმა ხელი მოაწერა AliExpress-თან ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც იგი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Alibaba-ს კუთვნილი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის მსოფლიო ელჩი გახდა.
კომპანია ყოფილი პროფესიონალი ინგლისელი ფეხბურთელის ჰონორარს არ ახმაურებს. ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ დევიდ ბექჰემი ჩაერთვება AliExpress-ის კამპანიაში „Score More“, რომელიც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში უფრო აქტიურ ფაზაში შევა.
„AliExpress-ი გულშემატკივარს ევრო 2024-თან უფრო მიახლოებისა და შესანიშნავი პრიზების მიღების შესაძლებლობას აძლევს“, – აცხადებს დევიდ ბექჰემი.
შეგახსენებთ, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირს გერმანიის 10 ქალაქი უმასპინძლებს.