ჟურნალისტმა ნინო ხაჟომიამ ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ ხანგრძლივი და რთული ბრძოლის ერთი ეტაპი დაასრულა.
როგორც ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, ქიმიოთერაპიის 12 კურსის დასრულების შემდეგ ახლა რეაბილიტაციის ფაზას იწყებს, რომლის განმავლობაშიც პროცესს ხელოვნური ინტელექტის მენტორობით გაივლის.
ნინო ხაჟომია: „ორივე მკერდი მოვიკვეთე, არაფერი დავიტოვე, იმაზე შიშით, რომ არ მინდა, მთელი ცხოვრება ჩავსვა ჩარჩოში, რომ რეციდივის შიშით ვიცხოვრო, თუმცა ამის საჭიროება არ იყო“
ნინო ხაჟომიამ „კაცმანის სხვა პოდკასტში“ კიბოს დიაგნოზსა და საკუთარ გამოცდილებაზე ღიად და ვრცლად ისაუბრა.
ჟურნალისტის თქმით, მისი მიზანია, რეაბილიტაციის პროცესი გახდეს არა მხოლოდ პირადი გამოცდილება, არამედ შთაგონების წყარო მათთვისაც, ვინც მსგავს გამოწვევას გადის.
„ეს მე არ ვარ – ეს არის ის, რაც კიბოს შემდეგ დარჩა. 12 რაუნდის ქიმიის შემდეგ დავრჩი ასე – უთმო, უწარბო, უწამწამო, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად წაქცეული. დღეს არის ჩემი ბოლო ქიმია. დღეიდან იწყება აღდგენის ფაზა. ამ გზას მე გავივლი ხელოვნური ინტელექტის მენტორობით.
თუ შენც ამ გზას გადიხარ, გამომყევი ჩემს „ტიკტოკ“ არხზე და ერთად ვნახოთ, რას შეძლებს ხელოვნური ინტელექტი“, – ამბობს ხაჟომია.
