დღეიდან, საქართველოში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული.
კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
„სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე თებერვალში დაფიქსირდა თამბაქოს ზოგიერთი მწარმოებლის მიერ სავაჭრო ქსელებში სადა შეფუთვით სარეალიზაციოდ სიგარეტების შეტანის ფაქტები.
1-ელი აპრილიდან, კი ყველა დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში 5000 ლარია“, – აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.