„იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ბოლო სამი დღის განმავლობაში მედიკამენტებს არ იღებდა, აღნიშნული იყო ლაბორატორიული ცვლილებები. გუშინვე, პაციენტმა ყველა დანიშნული მედიკამენტი მიიღო და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის, კალიუმის მაჩვენებელი ნორმას მიუახლოვდა,“ – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულების ექიმმა, თერაპევტმა, სანდრო მათეშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ სპეციალური პენიენციური სამსახურის წარმომადგენელმა ექიმმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„მოგახსენებთ, რომ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულების ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იცით, რომ დაწესებულებაში გუშინ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფი იმყოფებოდა, პაციენტის სამედიცინო ბარათის შესწავლა მათი თანდასწრებით მოხდა, ასევე წარმოდგენილი იყო უახლესი ლაბორატორიული მონაცემები.
იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ბოლო სამი დღის განმავლობაში მედიკამენტებს არ იღებდა, აღნიშნული იყო ლაბორატორიული ცვლილებები. გუშინვე, პაციენტმა ყველა დანიშნული მედიკამენტი მიიღო და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის, კალიუმის მაჩვენებელი ნორმას მიუახლოვდა.
დღეისათვის პაციენტი ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას აგრძელებს. აქვე დავძენ, რომ მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია – ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები, როგორიცაა: პულსი, წნევა და სატურაცია (სისხლში გლუკოზის დონე) ნორმის ფარგლებშია,“- განაცხადა სანდრო მათეშვილმა.
ამასთან, ექიმის განცხადებით, მე-18 დაწესებულებაში მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა და ასევე, შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია, მუდმივად მიმდინარეობს. მისი თქმით, 2019 წლიდან ამის პრაქტიკა დაწესებულებაში არსებობს და შესაბამისად, მე-18 დაწესებულებას ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია.