LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღემდე არ არის დასმული დიაგნოზი, ჩვენ არ ვიცით, რა სჭირს მერაბიშვილს – ადვოკატი

112

„დღემდე არ არის დასმული დიაგნოზი, ჩვენ არ ვიცით, რა სჭირს მერაბიშვილს,“ – ამის შესახებ ყოფილი პრემიერისა და შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა „მედიქლაბში“ განაცხადა, სადაც მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად არის მისული.

ადვოკატი ეჭვობს, რომ დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას სპეციალურად უმალავენ.

„რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ის გადმოყავდათ „მედიქლაბში“. თუ არ ვცდები, ეს კლინიკაში მისი მეხუთე გაყვანაა. სამწუხაროდ, წინა კვლევების პასუხები ჯერ კიდევ არ აგვიღია, არ გვეძლევა შესაძლებლობა, სამედიცინო დასკვნები მივაწოდოთ უცხოელ ექიმებს, გავიაროთ მათთან კონსულტაცია. რეალურად, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს.

„მოვისმინე იუსტიციის მინისტრის განცხადება, თითქოსდა საერთოდ არაფერი არ სჭირს მერაბიშვილს და ამ ფონზე, დღეს დილით ჩვენთვის ხდება ცნობილი, რომ ის კვლავ გაყავთ საავადმყოფოში. ანუ, რა გამოდის, იუსტიციის მინისტრმა იცის მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო კვლევებთან დაკავშირებით და ჩვენ არაფერი ვიცით, არ იცის ოჯახმა და არ იციან ადვოკატებმა,“ – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, დიაგნოზი დღემდე არ არის დასმული და ადვოკატებმა არ იციან, რა სჭირს მერაბიშვილს.

„სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, რომ დაუსვას მას დიაგნოზი და ჩაუტაროს სწორი, ადეკვატური მკურნალობა. დანარჩენს, გავარკვევ, როცა შევალ. იმედია, დღეს მაინც მოგვცემენ წინა კვლევის პასუხებს, რასაც, ძალიან დიდი ეჭვი, მაქვს, გვიმალავენ, რაღაც ფალსიფიცირების მცდელობას აქვს ადგილი,“ – განაცხადა ადვოკატმა.

ვანო მერაბიშვილი თბილისში, კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ დღეს გადაიყვანეს. მას რამდენიმე დღის წინ გამოკვლევები „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g