LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღემდე მიაქვს შნაიდერის საფლავზე ალისფერი ვარდების ზუსტად ისეთი თაიგული, როგორიც პირველი შეხვედრისას – რომი შნაიდერის და ალენ დელონის სიყვარულის ისტორია

10434
FORTUNA. GE (1)

ცნობილი ადამიანები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ, გამონაკლისი არც ალენ დელონის და რომი შნაიდერის წყვილი აღმოჩნდა, რომელიც პუბლიკამ 1960-იანი წლების იდეალურ წყვილად მონათლა და მართალია, მათი სიყვარულის ისტორია, ზოგის შურს, ზოგის აღფრთოვანებას იწვევდა, მაგრამ არავინ იცოდა რამდენად მძიმე და მტკივნეული იყო ერთი შეხედვით იდეალური ურთიერთობა.

რომი შნაიდერი 

როზმარი მაგდალენა ალბახი 1928 წლის 23 სექტემბერს დაიბადა ვენის კინემატოგრაფიულ ოჯახში. დედა – მაგდა შნაიდერი გერმანელი კინოვარსკვლავი იყო, მამა – ვოლფ ალბახ-რეტი კი, ავსტრიელ მსახიობთა ცნობილი დინასტიის წარმომადგენელი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ როზმარი ადრეულ ასაკში გაშინაურდა გადასაღებ მოედანზე, 15 წლისა კი, პირველად გამოჩნდა ეკრანზე დედასთან ერთად. მოზარდი შნაიდერის დებიუტი მელოდრამაში „როცა თეთრი იასამანი აყვავდა“ შედგა და პუბლიკის მოწონებაც დაიმსახურა.

მსოფლიო აღიარება შნაიდერმა ელიზაბეტ ბავარიელის როლით მოიპოვა სამსერიან ფილმში „სისი“. წარმატების მიუხედავად, მსახიობს სწრაფად მობეზრდა რომანტიკული პერსონაჟის განსახიერება, უარი თქვა სერიალის გაგრძელებაზე და 1958 წელს საფრანგეთში გაემგზავრა ბევრად სერიოზულ ჟანრში შესაძლებლობების მოსასინჯად და მშობლებისგან დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად. პარიზში შნაიდერმა არა მხოლოდ პიერ გასპარ-იურის დრამაში „კრისტინა“ მიიღო მთავარი როლი, არამედ პარტნიორის საკუთარი სურვილით შერჩევის უფლებაც მოიპოვა და მრავალრიცხოვან კანდიდატებს შორის იმ პერიოდში ნაკლებად ცნობილ ალენ დელონზე შეაჩერა არჩევანი.

ალენ დელონი 

ალენ ფაბიენ მორის მარსელ დელონი 1935 წლის 8 ნოემბერს დაიბადა პარიზის გარეუბანში. მომავალ ვარსკვლავს ნაკლებად გაუმართლა, რადგან მშობლები ადრე დაშორდნენ, მისი აღზრდა კი, უცხო ოჯახმა აიღო საკუთარ თავზე. ალენი ბავშვობიდანვე მძიმე ხასიათით გამოირჩეოდა,  მეტიც, სწორდ სიჯიუტემ და თავშეუკავებულობამ შეუშალა ხელი კარიერის გაკეთებაში. სამხედრო სამსახურში გაწვეულ დელონს ინდოჩინეთში მოუწია გამგზავრება, სადაც მუდმივად უსიამოვნებებში ეხვეოდა და დისციპლინარულ სასჯელს იმსახურებდა.

დემობილიზირებულმა დელონმა ვერც პარიზში დაბრუნებულმა შეძლო შესაფერისი სამუშაოს მოძიება, რადგან მძიმე ხასიათის პატრონს ყველასთან კონფლიქტი ჰქონდა და ან თვითონ ტოვებდა ან ათავისუფლებდნენ სამსახურიდან. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილმა დელონმა მეგობრის, მსახიობ ჟან-კლოდ ბრიალის შეთავაზება მიიღო და კინოში სცადა შესაძლებლობების მოსინჯვა. მართალია, თავიდან ყველა უარით ისტუმრებდა, მაგრამ ჩვეული სიჯიუტის წყალობით მაინც შეძლო ეპიზოდური როლების მიღება და მეტ-ნაკლები წარმატების მოპოვება.

საბედისწერო შეხვედრა 

ვენიდან პარიზში ჩასულ შნაიდერს უამრავი თაყვანისმცემელი დახვდა. ალისფერი ვარდების თაიგულით ეწვია ოფიციალურ შეხვედრას ალენ დელონიც. თუმცა, ძალიან არ მოეწონა მომავალი პარტნიორი, კრიტიკულად შეაფასა მისი გარეგნობა და ფილმზე მუშაობაც პრეტენზიებით დაიწყო. მსახიობები რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან – შნაიდერი მკაცრი გერმანული ტრადიციებით იყო აღზრდილი, თავქარიან ფრანგ დელონს კი, თავშეუკავებლობით, ფეთქებადი ხასიათით ჰქონდა რეპუტაცია გაფუჭებული. მით უფრო, რომ შნაიდერი – ევრპული კინოს ვარსკვლავად ითვლებოდა, დელონს კი, ნაკლებად იცნობდნენ.

მართალია, გადაღებებზე წყვილს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა, მაგრამ მუშაობის დასრულების შემდეგ მაინც გააგრძელეს ურთიერთობა, ყველა წვეულებას ერთად სტუმრობდნენ და პარიზშიც ერთად იქირავეს ბინა. ქალიშვილის  უპასუხისმგებლობამ მისი მშობლები აღაშფოთა, რომელთაც დელონს ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება მოსთხოვეს. 1959 წელს წყვილმა ნიშნობა მოაწყო, თუმცა გაურკვეველი დროით გადადო ქორწინება, რადგან ისევ გაურკვეველი ურთიერთობა ჰქონდათ, მუდმივად ჩხუბობდნენ და აწყობდნენ სკანდალებს, შორდებოდნენ და მერე ისევ რიგდებოდნენ.

კამათის ინიციატორი ყოველთვის ალენი იყო, რომელსაც ნებისმიერ წვრილმანზე შეეძლო მოდავება და რომის მიტოვება, თუმცა, დარწმუნებული რომ შნაიდერი ყველაფერს აპატიებდა, მალე ისევ უკან ბრუნდებოდა. 1960 წელს დელონი ლუკინო ვისკონტიმ მიიწვია ფილმზე „როკო და მისი ძმები“ სამუშაოდ. მართალია, წყვილი ერთად გაემგზავრა იტალიაში, მაგრამ დაძაბულმა სამუშაო გრაფიკმა და პიესაზე „რა საწყენია, რომ ასეთი უზნეო ხარ“ ერთობლივმა მუშაობამ, ქორწილის დაგეგმვის საშუალება არ მისცა. თუმცა, ბოროტი ენების მტკიცებით უარზე დელონი იყო, რომელსაც ძალიან გაუჭირდა მხოლოდ ერთი ქალის ერთგულების შენარჩუნება.

დაშორება 

1963 წლის ზაფხულში ალენი ახალგაზრდა ქალბატონის კომპანიაში გამოიჭირეს ჟურნალისტებმა. მართალია, ალენმა თავი იმართლა და ყველაფერი პრესას დააბრალა, რომელიც სიცრიუს და ჭორების ტირაჟირებას არ ერიდებოდა, მაგრამ რამდენიმე თვეში შნაიდერს ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ შეატყობინა, რასაც სულ მალე მუსიკოსზე კრისტინა პეფგენზე ქორწინება და შვილის შეძენა მოჰყვა. 1965 წელს დელონი ოჯახთან ერთად გაემგზავრა ამერიკაში ჰოლივუდის დასაპყრობად, თუმცა ვოიაჟი ოკეანის გადაღმა ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა.

პარტნიორის ღალატი მძიმე დარტყმა აღმოჩნდა შნაიდერისთვის, რომელმაც თავის მოკვლაც კი სცადა. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ ბერლინის თეატრის მსახიობს ჰარი მეიენს შეხვდა, რომელიც დიდხანს იყო უიმედოდ შეყვარებული და ცოლსაც კი, დაშორდა მისი გულისთვის. წყვილმა სწრაფად იქორწინა და მართალია, ვაჟიშვილის შეძენის შემდეგ ყველას ეგონა, რომ შნაიდერის ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა, მაგრამ 1969 წელს, როცა დელონმა ფილმში „აუზი“ შესთავაზა პარტნიორობა, რომის ცხოვრება ისევ აირია.

 

აღდგენილი ურთიერთობა 

მართალია, გადაღებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში შნაიდერმა აღნიშნა, რომ არანაირი გრძნობა არ ჰქონდა დელონის მიმართ, ეკრანული ვნება კი, მხოლოდ პროფესიონალური მუშაობის შედეგი იყო, მაგრამ არავინ დაიჯერა. მეტიც, ჟურნალისტებმა უზარმზარი სტატიები მიუძღვნეს წყვილის განახლებულ ურთიერთობას და რომანტიკული ფოტოებიც გამოაქვეყნეს. რა თქმა უნდა, წყვილი არ შერიგდა, მაგრამ შნაიდერის მეუღლემ მაინც შეძლო ღალატის პატიება, ჯერ ალკოჰოლით სცადა შეურაცხყოფის დავიწყება, მერე დეპრესიაში ჩავარდა.

1973 წელს წყვილმა განქორწინება გააფორმა, დევიდზე მეურვეობა შნაიდერმა აიღო, თუმცა  ალკოჰოლზე დამოკიდებულს და ჯანმრთელობა დამძიმებულს ძალიან გაუჭირდა შვილზე ზრუნვა. უცნაურია, მაგრამ სწორედ 70-იან წლებში, დეპრესიის, ალკოჰოლიზმისა და ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე შეასრულა შნაიდერმა საუკეთესო როლები და ერთი შეხედვით პირადი ცხოვრებაც მოიწყო, როცა თავისივე მდივანს, ბევრად ახალგაზრდა დანიელ ბიაზინის გაჰყვა ცოლად. თუმცა, ქორწინებამ არც ამჯერად გაამართლა.

განქორწინების შემდეგ ბიაზინიმ დამოუკიდებლად ითავა შვილის მოვლა, რასაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეეგუა შნაიდერი, 1979 წელს კი, მეიენმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, რაც მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აღმოჩნდა რომისთვის, რადგან საკუთარ თავს ადანაშაულებდა მეუღლის სიკვდილში. თუმცა არც დელონი აღმოჩნდა სამაგალითო მეოჯახე, 1969 წელს ჯერ მირეი დარკზე იქორწინა, ვისთანაც მუდმივი ღალატისა და სკანდალების მიუხედავად 13 წელი იცხოვრა, 1987 წელს კი, როზალი ვან ბრემენი მოიყვანა ცოლად და მართალია, ორი შვილი შეეძინა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო ოჯახურ ცხოვრებას შეგუება.

ტრაგიკული ფინალი 

პროფესიული წარმატების მიუხედავად, შნაიდერს ისევ უსიამოვნებები ჰქონდა პირად ცხოვრებაში, 1981 წელს კი, ნამდვილი ტრაგედია დაატყდა თავს, როცა უბედურმა შემთხვევამ მისი შვილი შეიწირა. ისევ დეპრესიაში ჩავარდნილი რომი საკუთარ თავში ჩაიკეტა, უარს ამბობდა ნაცნობებთან კონტაქტზე და მხოლოდ დელონთან ურთიერთობდა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა მის მხარდაჭერას.

რომი შნაიდერი 1982 წლის 29 მაისს გარდაიცვალა. მართალია, ამბობდნენ, თითქოს მსახიობმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ მედიკოსების დასკვნით,  შნაიდერი გულის შეტევამ იმსხვერპლა. საყვარელი ქალის დაკრძალვის ორგანიზება დელონმა ითავა, რომელსაც როგორც ამბობენ, დღემდე მიაქვს შნაიდერის საფლავზე ალისფერი ვარდების ზუსტად ისეთი თაიგული, როგორიც პირველი შეხვედრისას.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები