6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა.
დებატებზე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას სიტყვით გამოსვლას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ღამე იყო… საშინელი წვიმა, ქარი… გიჟივით დაქროდნენ პოლიციის მანქანები, არსებობდა უამრავი კითხვა და არცერთი პასუხი.
იმ დღეს სახეზეც მეტყობოდა ბრაზი… ხომ შეიძლებოდა, რომ თავიდან აგვერიდებინა ეს ტრაგედია.
ვინ იყო თამაზ გინტური? აგვისტოს ომის ვეტერანი, თავისი კუთხის შვილი, რომელიც ყველას იმედი და ძალა გახლდათ.
ყველგან ისმოდა წუხილი, შფოთვა, მაგრამ თან უსუსრობის განცდა – ვერავინ ვერავის მოსთხოვდა პასუხს, დანაშაულისთვის არავინ ისჯებოდა. არ ვიცოდი, რა და როგორ უნდა მექნა, მაგრამ გულწრფელად დავპირდი თამაზ გინტურის ოჯახს, რომ ეს ტრაგედია არავის შერჩებოდა!
იმ დღესვე მივწერე მიშას, თუ რა ხდებოდა ამ დღეებში კირბალში, ამბები თამაზ გინტურზე და ადგილობრივებზე.
დღეს თამამად და ამაყად შემიძლია ვთქვა – მესამე პრეზიდენტის პირადი ჩართულობით, მისი ინიციატივით და ძალიან ბევრი ადამიანის დაუღალავი შრომით, ჩვენ შევძლელით!!! მიშამ ციხიდან შეძლო!!! დანაშაულზე პასუხისგება ძვირად დაუჯდა რუსეთს. გატაცების, მკვლელობის პასუხად მიიღო ჯერ ქართველი ხალხის, შემდეგ კი ევროპის მკაცრი რეაქცია! ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, რაც ანა ფოტიგამაც აღნიშნა თავის გამოსვლაში!
სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი ხდება ვარდების რევოლუციის 20 წლის თავზე, გიორგობა დღეს!
ღევანდელი დღის მადლი და ძალა მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე!“, – წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ღამე იყო….საშინელი წვიმა, ქარი… გიჟივით დაქროდნენ პოლიციის მამქანები, არსებობდა უამრავი კითხვა და არცერთი პასუხი….
Posted by Sopo Japaridze on ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2023
ცნობისათვის, ევროპარლამენტარები რეზოლუციის ტექსტში საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს გაიმართება.