„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა. ის აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის არჩევენებში მონაწილე კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთება ადვილია, რადგან ერთი მხარე საზოგადოებას „სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას ჰპირდება, ხოლო მეორე არეულობას და ქაოსს“.
მისივე განმარტებით, ერთი კანდიდატი 4 წლის განმავლობაში ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე, მეორე კი „კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და გამუდმებით ხულიგნობდა“.
„დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს შორის, ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს, ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას. რაც შეეხება კანდიდატებს, თბილისის შემთხვევაში ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით გამოუჩენია თავი გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და ხულიგნობდა გამუდმებით, მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც 4 წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე, რომელსაც აქვს თბილისის განვითარების ძალიან კონკრეტული ხედვა შემდეგი 4 წლისთვის. ამიტომ, მე მგონი, არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც“, – აცხადებს კობახიძე.