„გახვრეტილი ჭურჭლის ამოვსების მცდელობა“ – ასე აფასებს ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პოპულარიზაციისთვის 12 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას. კინკაძემ სექტორში არსებულ გამოწვევებზე გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა და თქვა, რომ ყველა არსებული რესურსი მაქსიმალურად ქვეყნის იმიჯის გასუფთავებისკენ უნდა მიიმართოს.
„ერთი ნორმალური, რაც საქართველოს ჰქონდა და მომავალშიც უნდა ჰქონდეს, ასე თუ ისე იყო მისი კეთილგანწყობა ტურისტების მიმართ, მისი კეთილი სახელი და საინტერესო ბუნებაა. დღეს, ჩვენ ვართ დასნეულებულები, ერთ-ერთ ყველაზე უარესი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც შეიძლება იმოგზაურო პანდემიის პერიოდში; ამას ემატება ჰომოფობია, ქუჩაში ადამიანების ცემა და მოკვლაც კი“, – განაცხადა კიკნაძემ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებმა დაზიანებული იმიჯის გამოსწორებისთვის იაქტიურონ.
„სხვა შემთხვევაში დაგეგმილი აქტივობები გახვრეტილი ჭურჭლის ამოვსების მცდელობად მიმაჩნია“, – აღნიშნა Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა „საქმიან დილაში“.