ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ ის ძალის გამოყენებით მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში.
“მივმართავ ყველა ქართველს, ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღემდე მიზანმიმართული მკვლელობის ოპერაციაა, დამკვეთი ერთადერთია – ვლადიმერ პუტინი. დღეს გავრცელებული კადრები, რომლებიც კარგად ასახავს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ – ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას.
ამიტომ, თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები, თუმცა, ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს – მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება, იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია, მათ მიერ საზღვართან მიმდინარე “საფრთხეების განეიტრალების” საფარქვეშ”. – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის №18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრებიც გაასაჯაროვა.
კადრებში ჩანს, როგორ შეჰყავთ სააკაშვილი დაწესებუელბაში და როგორია მისი რეაქცია მას შემდეგ, რაც იგებს, რომ სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად გლდანის დაწესებულებაში მიიყვანეს.
მოგვიანებით გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც სააკაშვილის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანისა და ტრანსპორტირების კადრებია ასახული.
მიხეილ სააკაშვილი მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება