დღეს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის გათვისუფლების მოთხოვნით 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.
კოლონები სხვადასხვა რეგიონებიდან მოემართებიან.
კოლონებს გზად სირცხვილის კორიდორების გავლა უწევს. მოქალაქეები მათ ცოცხებით ხვდებიან.
ერთ-ერთმა ფოტომ, სადაც ჩანს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ცოცხები უჭირავთ, სახეს იფარავენ, სოციალური ქსელის ყურადღება ყველაზე მეტად დაიმსახურა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი თენგიზ გუნავა წერს:
„ტრაგიკული კადრი! რატომ უნდა აიძულო ადამიანები აკეთონ ის, რაც ესირცხვილებათ, ვერაფრით დამაჯერებენ, რომ თავისი სურვილით დაიჭირეს ეს ცოცხები, უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში საჯარო მოხელეების სათავისოდ გამოყენება!“
ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე:
„ძალიან ვმწარდები. ცოცხი დააჭერინეს ხელში და მაგისტრალზე დააყენეს. გესმით თქვენ, რა დონეზე გასრისეს ადამიანის ღირსება ?! გული მერევა“.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა:
„ოცნება გზაზე“.
ადვოკატი ზვიად კორძაძე:
„ამ ფოტოზე ერთი ამბავი გამახსენდა: აბანო იწვის, შიშველი ხალხი გამორბის, ყველას ქვევით აქვს ხელი აფარებული. ერთმა მიაძახა, თუ გრცხვენიათ, სახეზე აიფარეთ, მაგით მაინც ვერავინ გიცნობთო“.