“კომპანიამ გამონაკლინის სახით მიიღო გადაწყვეტილება, 10 ათასი კოლოფი “რემდესივირის” მოწოდების, თანაც არა ინდური წარმოების, არამედ ბრენდის, ამერიკული წარმოების მოწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს.” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის განცხადებით, კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, 4 000 კოლოფი “რემდესივირი”, რომელიც ქვეყანამ მანამდე შეიძინა, ძალიან დიდი წარმატებით გამოიყენეს.
მისი თქმით, პრეპარატი ცალსახად ამცირებდა დაავადების დამძიმების რისკებს, ამცირებდა ჰოსპიტალიზაციის დროს და დაავადების მიმდინარეობაზე დადებითად მოქმედებდა:
“თქვენ იცით, ადრე 4 000 კოლოფი “რემდესივირი” გვქონდა ნაყიდი, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით იყო გამოყენებული, ყველა კლინიკა ვინც იყენებდა “რემდესივირს” ერთხმად აღნიშნავს, რომ “რემდესივირი” თავის დროზე გამოყენებული, ადრეულ სტადიაზე გამოყენებული და არა უკვე რეანიმაციაში მყოფ ავადმყოფებზე, ცალსახად ამცირებდა დაავადების დამძიმების რისკებს, ამცირებდა ჰოსპიტალიზაციის დროს და საერთოდ დადებითად მოქმედებდა დაავადების მიმდინარეობაზე.
სამწუხაროდ, იმ “ვაიექსპერტების” გავლენის ქვეშ, რომლებიც კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ “რემდესივირის” შემოტანის და ბრალდებადაც კი გვიყენებდნენ, რომ „რემდესივირის“ შემოტანაზე სახელმწიფო ფული დაიხარჯა – ერთი კოლოფი 23 დოლარად იყო შემოტანილი და სულ დაიხარჯა 100 ათასი დოლარი – მაინც მათი გავლენის ქვეშ რჩება კლინიკებისა და ექიმების ნაწილი.
მხოლოდ 27 კლინიკა იყენებდა „რემდესივირს“, დანარჩენი არ იყენებდნენ, რაც მიმაჩნია, რომ იყო სერიოზული შეცდომა და ხელს არ უწყობდა მკურნალობის ოპტიმიზაციას. იმ კლინიკებში, რომლებშიც „რემდესივირი“ გამოიყენებოდა, გაცილებით უფრო მეტად იყო გამოხატული პოზიტიური შედეგები და დაავადების დამძიმების რისკების შემცირება.
ჩვენ მივმართეთ თხოვნით კომპანია “გილიედის” ხელმძღვანელობას. გამონაკლინის სახით, 10 ათასი კოლოფი “რემდესივირის” მოწოდების გადაწყვეტილება მიიღეს.” – განაცხადა ცერცვაძემ.